Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ომმა საქართველოში არსებული ბზარები გამოაჩინა


უკრაინის მხარდამჭერთა აქცია თბილისში. 2022 წ. 28 თებერვალი.
უკრაინის მხარდამჭერთა აქცია თბილისში. 2022 წ. 28 თებერვალი.

საქართველოს საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების დონე შეიძლება იმის მიხედვით გაზომო, თუ რამდენად ხშირადაა გადაკეტილი რუსთაველის გამზირი - ქალაქის მთავარი ქუჩა.

თბილისის ეს არტერია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ჩადის. ქართველები აქ იკრიბებიან პროტესტის ან მხარდაჭერის გამოსახატავად და მთავრობისათვის მოთხოვნების წასაყენებლად.

ბოლო აქცია აქ ირანელი დემონსტრანტების მხარდასაჭერად ჩატარდა. რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა - ქუჩაში მანქანები ჩვეულებრივად დადიოდნენ. რუსების მიერ უკრაინის ომის წინააღმდეგ ჩატარებულმა აქციამ კიდევ უფრო ნაკლები მოიზიდა.

რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩატარებული აქცია. 2022 წ. 26 ნოემბერი.
რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩატარებული აქცია. 2022 წ. 26 ნოემბერი.

ვერცერთი ახლოსაც კი ვერ მოდიოდა დემონსტრაციებთან, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დაწყებიდან მალევე იმართებოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე. თითქმის ორი კვირის განმავლობაში ათობით ათასი ადამიანი იკრიბებოდა პარლამენტის შენობის წინ და საქართველოსა და უკრაინის დროშებს იქნევდა. რუსთაველი კილომეტრზე მეტი მანძილით იყო გადაკეტილი მანქანებისათვის.

ომმა მთელი ევროპის პოლიტიკა და გლობალური უსაფრთხოება თავდაყირა დააყენა, თუმცა საქართველოში ეს ცვლილება განსაკუთრებით მწვავედ იგრძნეს. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ქვეყანაში არსებული ღრმა ბზარები მთელი სიცხადით წარმოაჩინა.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღისა და კვირის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა, შეერთებოდა საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. მათთვის ეს იმის მტკიცებულება იყო, რომ პარტიის ლიდერი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთისგან იყო დავალებული.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი

დაახლოებით იმავე დროს საქართველოს მთავრობამ საშუალება არ მისცა აფრენილიყო თვითმფრინავს, რომელშიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალი ქართველი მებრძოლები ისხდნენ. საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია და ომის მიმართ საქართველოს დამოკიდებულებას „ამორალური პოზიცია“ უწოდა.

„ჩვენი დიპლომატები იღებენ სამართლიან და აუცილებელ ზომებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებმაც თავიანთ პირობას და საერთაშორისო კანონებს უღალატეს“ - განაცხადა ზელენსკიმ იმ დროისთვის ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.

მათთვის, ვინც საქართველოს მომავალს ევროპასთან ხედავს და არა რუსეთთან, ეს შემაშფოთებელი იყო. ივანიშვილმა თავისი ქონება 1990-იან წლებში მოსკოვში დააგროვა და ახლა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ოფიციალური როლი არა აქვს. თუმცა, ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ის აკონტროლებს ჩრდილიდან.

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

„ეს მეტ-ნაკლებად ცხადია უკვე ბევრი წელია“ - ამბობს გიგა ბოკერია, ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი. „ამ ომმა კი საბოლოოდ ცხადყო, რომ ჩვენ იანუკოვიჩის სტილის მთავრობა გვყავს.“ ვიქტორ იანუკოვიჩი იყო უკრაინის პრორუსი პრეზიდენტი, რომელიც 2014 წელს ჩამოაგდეს.

„ისინი ხანდახან ფორმალურად ამშვიდებენ საზოგადოებრივ აზრს და ამბობენ, რომ ევროკავშირს უჭერენ მხარს, მაგრამ ისინი თავისი არსითა და ბუნებით რუსეთთან კოლაბორაციონისტულ რეჟიმს წარმოადგენენ და ქართველების შიშს ომისა და რუსეთის მიმართ ბერკეტად იყენებენ“ - ამბობს გიგა ბოკერია.

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა საქართველოში აცოცხლებს 2008 წლის მოგონებებს, როდესაც მოკლე, მაგრამ სისხლიანი ომის დროს რუსეთის არმიამ გაანადგურა საქართველოს სამხედრო ძალა და სამხრეთ ოსეთზე - საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე - დე ფაქტო კონტროლი დაამყარა. ომი დასრულდა იმით, რომ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველომ მოსკოვთან დიპლომატიური კავშირები გაწყვიტა.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 300 ათასს მიაღწია. 2008 წლის ომი დღესაც, 14 წლის შემდეგაც მტკივნეული წერტილია. მარტში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 87% უკრაინაში მიმდინარე ომს საქართველოს ომადაც მიიჩნევს. ამ ორი კონფლიქტის დეტალები განსხვავდება, მაგრამ ზოგადი კონტექსტი - რომ რუსეთი ყოფილი საბჭოთა მეზობლის ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას - ბევრი ქართველისთვის ძალიან ნაცნობია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ფართო კონტექსტია“ - ამბობს რიჩარდ გირაგოსიანი, ერევანში ბაზირებული „რეგიონული კვლევების ცენტრის“ დირექტორი და რადიო თავისუფლების ყოფილი თანამშრომელი. „რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა ბევრი ქართველისთვის იმის ხელახალი დასტურია, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხე რეალურია. მეორე ასპექტი ამის საპირისპიროა: რუსეთის მიერ უკრაინაზე წარუმატებელი თავდასხმა იმის დემონსტრაციაა, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის შემდეგ დასკვნები ვერ გამოიტანეს.“

„ქართველი ხალხისთვის ეს საკმაოდ დაგვიანებული და, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელი დემონსტრაციაა იმისა, თუ რაოდენ საშიშია, როდესაც საქართველოს არ უგდებ ყურს და 2008 წლის ომის შედეგებს უგულებელყოფ“ - დასძინა გირაგოსიანმა. „საქართველოს მთავრობას კი ბევრად ნაკლები სივრცე რჩება მანევრირებისათვის. ნაკლები გზა, რომ, როგორც ადრე ცდილობდნენ, პუტინთან რაიმე სახის კომპრომისს მიაღწიონ“.

ოპოზიციაში ბევრი მიიჩნევს, რომ მთავრობა აღარ აქცევს ყურადღებას საქართველოს მიერ 2008 წელს მიღებულ ზიანს.

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

„ეს მარტო უკრაინას არ შეეხება“ - ამბობს ელენე ხოშტარია, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი. „ეს შეეხება რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმასთან პარალელებს. იმას, თუ რა ზიანი მოგვაყენა რუსეთმა ათწლეულობის განმავლობაში. მათ ეს საკითხი სრულიად უგულებელყვეს.“

„ქართული ოცნება მთლიანად იმეორებს რუსეთის ნარატივს“ - ამბობს ხოშტარია. „ისინი თავს ესხმიან დასავლეთსა და უკრაინას. გამოიგონეს, თითქოს მათ საქართველოს ომში ჩართვა სურთ. ამას უკრაინისადმი მხარდაჭერის შესამცირებლად აკეთებენ. მათ ესმით, რომ ეს პოზიცია განსხვავდება ქართველი ხალხის პოზიციისგან და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას ცდილობენ. ამბობენ: რუსეთს თუ შეეწინააღმდეგები, ეს დაგემართება. არ ღირს ამის გაკეთება.“

ზოგი ანალიტიკოსის აზრით, „ქართული ოცნების“ მცდელობა, რუსეთთან დაკავშირებით ე.წ. „ნორმალიზაციის“ პოლიტიკა წარმართოს, უფრო ფართო პოლიტიკური მანევრის ნაწილია. „ცდილობენ, არ გააღიზიანონ მოსკოვი, გარკვეულწილად დააკმაყოფილონ კრემლის გეოპოლიტიკური ინტერესები და, ამავდროულად, ძალაუფლება მაქსიმალურად შეინარჩუნონ“- ამბობს კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

"ქართული ოცნების" მომხრეები. 2016 წ.
"ქართული ოცნების" მომხრეები. 2016 წ.

„ქართული ოცნების“ მოსკოვის მაამებლობის სავარაუდო მცდელობა შესაძლოა დასავლეთში გასაკვირი იყოს ბევრისთვის, ვისაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ადმინისტრაციის მიერ დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯები ახსოვს.

„ქართული ოცნების“ ცინიკური პოლიტიკა - ფორმალურად შეინარჩუნოს პროდასავლური კურსი და ამავე დროს არც მოსკოვს აწყენინოს - განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დარჩა.

3 მარტს საქართველომ განაცხადა, რომ ევროკავშირში განაცხადს გეგმის მიხედვით, 2024 წელს გააკეთებდა. რამდენიმე დღეში კი გადაწყვეტილება შეიცვალა და განაცხადი მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად შეიტანეს. თუმცა, საქართველოს მიერ ამის შემდეგ გადადგმულმა ნაბიჯებმა ეჭვქვეშ დააყენა ამ განაცხადის გულწრფელობა.

რამდენიმე კვირაში - ერთი თვით ადრე, ვიდრე ევროკომისიას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა - ოპოზიციური სატელევიზიო არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას, პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი იმდენად საეჭვო იყო, რომ მას საპროტესტო აქციები მოჰყვა და აშშ-ის საელჩომ საქართველოში ამ საქმის მოსამართლე აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამიდან ამოიღო და ვიზიტი გაუუქმა. ამის შემდეგ პარლამენტმა - ევროკავშირის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ - მხარი დაუჭირა ე.წ „მოსმენების კანონს“.

როდესაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცა (და მისცა მოლდოვასა და უკრაინას), საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები ჩატარდა.

„ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა, მოხარული ვართ, რომ ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. თუმცა, ისიც აღიარა, რომ „აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის, გარკვეულწილად, მაინც, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია.“

„ქართულმა ოცნებამ იცის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა და ამის იგნორირება შეუძლებელია“ - ამბობს კორნელი კაკაჩია. „მაგრამ, როდესაც საქმე შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას“, ისინი პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებენ.

კანდიდატის სტატუსის ნაცვლად ევროკავშირმა საქართველოს გადასცა რეფორმების სია, რომელთა გატარებაც აუცილებელია, რათა ქვეყანამ მომავალში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მათ შორისაა „დეოლიგარქიზაციის“ მოთხოვნა, რაც ივანიშვილსა და ადგილობრივ პოლიტიკაში მის როლს შეეხება.

„მათ ევროკავშირის წევრობა არ სურთ“ - ამბობს ხოშტარია. „მათი სიტუაცია ასეთია - საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი ევროკავშირს ემხრობა, ამიტომაც ამის წინააღმდეგ ღიად არ თუ ვერ გამოდიან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია ჩატარდა. ამიტომაც, ყველაფერს აკეთებენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ. გვარამია დაიჭირეს, სასამართლოს მხრივ ნაბიჯები უკან გადადგეს - ყველა პუნქტში რეგრესია.“

„ქართულმა ოცნებამ“ ამ სტატიისათვის კომენტარზე თხოვნა უპასუხოდ დატოვა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საქართველოში განხეთქილებას იწვევს, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაა. თებერვლის შემდეგ საქართველოში დაახლოებით 100 ათასი რუსი შემოვიდა.

ზოგი შიშობს, რომ „რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა“ შესაძლოა პუტინმა გამოიყენოს საქართველოზე თავდასასხმელად. სხვები მიუთითებენ კოლონიალურ უკუღმართ ლოგიკაზე, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფარს ოკუპირებულ სახელმწიფოში ეძიებენ.

უმეტესობა კი მორალურ და პერსონალურ მიზეზს ასახელებს: ომი კვლავაც მიმდინარეობს და საქართველოში მცხოვრები რუსები დროსა და ფულს უკრაინის მხარდასაჭერად უნდა ხარჯავდნენ და არა საქეიფოდ. „მოკრძალებულები უნდა იყვნენ“ - გვითხრა თბილისური გალერეის მფლობელმა, ავტორმა პლაკატებისა, რომლებითაც რუსებს პუტინის რეჟიმის გასაპროტესტებლად მოუწოდებს - „ომმა გამანადგურა და გარეთ გასვლა მიჭირს. თუ რუსები პროტესტს არ აცხადებენ, სახლში მაინც დარჩნენ და იგლოვონ.“

საქართველოში მიმავალი რუსეთი მოქალაქეები რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. 2022 წ. 28 სექტემბერი.
საქართველოში მიმავალი რუსეთი მოქალაქეები რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. 2022 წ. 28 სექტემბერი.

მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობას რუსებისათვის სავიზო რეჟიმის დაწესებას სთხოვენ. ბევრი შიშობს, რომ ღია კარის ეს პოლიტიკა ქვეყანაში ჯაშუშებს იზიდავს. ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველების 78% ეწინააღმდეგება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უვიზო შემოსვლას. თუმცა, ახალჩამოსულებმა საქართველოს ეკონომიკაში ახალი ფული შემოიტანეს. ელიან, რომ საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 10%-ით გაიზრდება.

„ეკონომიკაში ნებისმიერი ფული მოკლე და საშუალო ვადით ზრდის ეკონომიკას“ - ამბობს გიგა ბოკერია. „თუმცა, ეს ჩვენი ეკონომიკისათვის გრძელვადიანი შვება ვერ იქნება.“ ელენე ხოშტარია კი რუსულ ფულში საფრთხეს ხედავს: „თუ ევროპული, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გვინდა რომ ვიყოთ, რუსულ ფულსა და რესურსებზე დამოკიდებულება ძალიან საშიშია“.

ამჟამად თბილისში ბინების ფასმა საგრძნობლად იმატა. მომავალი აჩვენებს, შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია 2023 წელს.

„1921 წელს გზიდან საბჭოელებმა გადაგვახვევინეს“ - ამბობს ბოკერია. „ეს ისტორიული მომენტი უნდა გამოვიყენოთ და ევროპულ ოჯახს დავუბრუნდეთ.“

XS
SM
MD
LG