Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ცილისწამება უწოდა უკრაინის ბრალდებას


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2022 წლის 3 ივლისი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2022 წლის 3 ივლისი

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ცილისწამება უწოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრალდებას ომის პროპაგანდის შესახებ, რომელიც გამოწვეულია ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების შესაძლო დაშვებით.

30 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უწოდა ომის, მკვლელობების და ნგრევის ხელშემწყობი.

პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ კომიტეტი სიამოვნებით აკვირდება, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ რუსეთს სთავაზობს პლატფორმას გენოციდის პროპაგანდისთვის.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პასუხია, რომ კატეგორიულად უარყოფენ მსგავს ცილისმწამებლურ განცხადებებს, რაც ვერ იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული დისკუსიის საფუძველი.

25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, თითქმის ყველა საერთაშორისო სპორტულ ტურნირს ჩამოშორებული რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების შესაძლებლობას რამდენიმე პირობით. კერძოდ, ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც სრულად იცავენ ოლიმპიურ ქარტიას. ანუ, ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი სპორტსმენები და მათ განაცხადებს ინდივიდუალურად შეამოწმებენ. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სტანისლავ პოზდნიაკოვმა განაცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებიან ნებისმიერ დამატებით მოთხოვნას და შეზღუდვას.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდა, რუს სპორტსმენებს არ მისცეს 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება ნეიტრალური დროშითაც კი, რადგან ისიც სისხლშია გასვრილი.

XS
SM
MD
LG