Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოდოლიაკი: რუსული ფულით ნაყიდ ოლიმპიურ ფარისევლობას უკრაინული სისხლის სუნი არ უდის


უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

კიევი აკრიტიკებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განზრახვას, რუს სპორტსმენებს მისცეს ოლიმპიადებზე დაბრუნების უფლება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უწოდებს „ომის, მკვლელობების და ნგრევის პრომოუტერს“.

პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ კომიტეტი „სიამოვნებით აკვირდება, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ რუსეთს სთავაზობს პლატფორმას გენოციდის პროპაგანდისთვის“. პოდოლიაკის განცხადებით, აშკარაა, რომ რუსული ფულით ნაყიდ ოლიმპიურ ფარისევლობას უკრაინული სისხლის სუნი არ უდის. „მართალია, ბატონო ბახ?“, - მიმართავს პოდოლიაკი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ტომას ბახს.

25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, თითქმის ყველა საერთაშორისო სპორტულ ტურნირს ჩამოშორებული რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების შესაძლებლობას რამდენიმე პირობით. კერძოდ, ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც სრულად იცავენ ოლიმპიურ ქარტიას. ანუ, ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი სპორტსმენები და მათ განაცხადებს ინდივიდუალურად შეამოწმებენ. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სტანისლავ პოზდნიაკოვმა განაცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებიან ნებისმიერ დამატებით მოთხოვნას და შეზღუდვას.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდა, რუს სპორტსმენებს არ მისცეს 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება ნეიტრალური დროშითაც კი, რადგან ისიც სისხლშია გასვრილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG