Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში საომრად მობილიზებულების დედებმა და ცოლებმა პუტინთან იჩივლეს, ფრონტზე ტილების და მუნის გამო


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 22 დეკემბერი, 2022 წელი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 22 დეკემბერი, 2022 წელი

რუსეთის პრიმორსკის ოლქის ქალაქ უსურიისკიდან უკრაინის ფრონტზე გაგზავნილი მობილიზებული პირების დედებმა და ცოლებმა ვიდეომიმართვა გაუგზავნეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელშიც ჩივიან იმ პირობების გამო, რომლებშიც მათი ახლობლები იმყოფებიან.

ისინი პუტინს ამცნობენ, რომ ჯარისკაცებს გაუჩნდათ ტილები და მუნის ტკიპა, ხოლო ტანსაცმელი გამოუსადეგარია და ახალს არ ურიგებენ. მიმართვის ავტორებმა ვერ შეძლეს გუბერნატორისგან, ოლეგ კოჟემიაკოსგან, დახმარების მიღება. ვიდეო გამოქვეყნდა პორტალზე N ewsbox24.tv.

პუტინისადმი მიმართვის ავტორია ათი ქალი, მას ერთი მათგანი კითხულობს. მიმართვაში ნათქვამია, რომ 394-ე და 143-ე პოლკების მობილიზებულთა ნათესავ ქალებს ადგილზე „არავინ უსმენს,“ ხოლო გუბერნატორის ტელეგრამის არხზე ისინი დაბლოკეს. ქალები პუტინს უყვებიან, რომ მათი ახლობლები ფრონტის წინა ხაზზე ოქტომბრის შემდეგ არიან და იქ შეუცვლელად რჩებიან, რომ მათ არ აქვთ საშუალება, დაიცვან პირადი ჰიგიენა და ამიტომაც გაუჩნდათ ტილები და მუნი, არ აქვთ სათანადო სამედიცინო მომსახურება, გაუმწვავდათ ქრონიკული დაავადებები.

მიმართვის ავტორების თანახმად, სამხედრო აღჭურვილობა მწყობრიდან გამოვიდა და ახალს არ აძლევენ. ქალები პუტინს მიმართავენ თხოვნით, გაგზავნონ ფრონტზე მობილიზებულების შემცვლელები, რათა მათ შვებულებაში წასვლა შეძლონ.

Newsbox24.tv აღნიშნავს, რომ მობილიზებულების ოჯახის წევრები დახმარების სახით 190 ათას მანეთს იღებენ, მაგრამ ჩივიან, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი ფრონტზე მათი ქმრების შენახვას ხმარდება, რადგან ისინი ფაქტობრივად თვითმომარაგებაზე არიან.

24 იანვარს ნოვოსიბირსკის დაშლილი პოლკიდან მობილიზებულებმა ჟურნალისტებს გადასცეს სამხედროების ვიდეომიმართვა, რომელშიც შინ დაბრუნებას ითხოვენ. სამხედროთა თანახმად, ისინი უკრაინაში ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე არიან, ანტისანიტარულ პირობებში - ტექნიკის, აღჭურვილობის, სურსათის და მედიკამენტების გარეშე . სამხედროთა ვინაობის დადგენა შეუძლებელია. გასული წლის სექტემბერის შემდეგ მობილიზებულების ასეთი ვიდეომიმართვები ხშირად ქვეყნდება.

იანვრის ბოლოსთვის არ არის ცნობილი შემთხვევა, როცა მობილიზებულების მიმართვას მათი პირობების გაუმჯობესება მოჰყოლოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG