Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალერეის კედელზე არტისტის მიერ წარწერის გაკეთების გამო გამოფენის კურატორი პოლიციაში გამოჰკითხეს


"ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" - წარწერა ეროვნული გალერეის კედელზე
"ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" - წარწერა ეროვნული გალერეის კედელზე

ეროვნული გალერეის კედელზე არტისტის მიერ გაკეთებული წარწერის გამო გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე პოლიციაში გამოჰკითხეს. როგორც მან "ტვ პირველთან" საუბარში განაცხადა, უწყებაში, სხვა საკითხებთან ერთად, დაინტერესდნენ არტისტის ქმედების სავარაუდო მიზეზით.

"პირველ რიგში, [პოლიციაში] კითხვა ჰქონდათ, როგორ მოხდა ჩვენი კომუნიკაცია, საიდან ვიცნობთ მე და სანდრო ერთმანეთს, როგორ მოვემზადეთ ამ გამოფენისთვის. რადგან კურატორი ვარ, არტისტთა სიაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას ერთპიროვნულად, ჩემი შედგენილი იყო და სანდროც დიდი ხნის წინ ჩემი გადაწყვეტილებით იყო სიაში.

მკითხეს, სავარაუდო მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო. სანდრომ მითხრა, რომ კონკრეტულად ამ გამოფენას ეს არ უკავშირდებოდა... დეტალები აღარ გამირკვევია", - ამბობს გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე.

გალერეის კედელზე წარწერის გაკეთების ფაქტს დღეს გამოეხმაურა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. განცხადებაში ვკითხულობთ:

"მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია... გამოფენის გახსნისას, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ, გამოფენაში მონაწილეობა გადაიფიქრა (კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა) და შესასხურებელი საღებავით წარწერა გააკეთა, რითაც დააზიანა ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი.

ამ დროისთვის, „ათინათის” მიერ კედლის პირვანდელი იერსახე აღდგენილია და გამოფენა ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს".

ეროვნულ გალერეაში გამოფენა არტისტების სხვადასხვა დროს შექმნილ ავტოპორტრეტებს აერთიანებს. გუშინ, 4 თებერვალს, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ, საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". არტისტს ჯერ არ განუმარტავს, ვის მიემართებოდა მისი პროტესტი.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება პასუხს, დაიწყო თუ არა სამართალწარმოება მომხდარზე. უწყების პასუხი მიღებისთანავე აისახება ტექსტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG