Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიევროპელობის ორი მიზეზი „წილხვედრში“


დავით დარჩიაშვილი
დავით დარჩიაშვილი

საქართველოში პრორუსული, უფრო კი ანტიევროპული განწყობები სახეზეა. კვლევები აჩვენებს, რომ, რაოდენობრივად, ასეთის მატარებლები უმცირესობაშია, მაგრამ არსებული კვლევები ყოველთვის ბოლომდე არ/ვერ ასახავს სურათს: მახსენდება უფრო ადრინდელი, წლების წინ განხორციელებული ანალიზი (2000 და 2006 წლები). იგი აჩვენებდა, რომ გამოკითხულთა დიდ ნაწილს მოქალაქეობაზე მეტად ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილება მიაჩნდა იდენტობის მარკერად, ეს კი ანტიევროპელობის სოლიდური ნიადაგია. არ მგონია, რომ ამ მხრივ ვითარება დრამატულად შეცვლილიყოს.

ასეთი განწყობების მიზეზი ორია. არც ერთში არ ვგულისხმობ პრორუსულობას ან რუსულ ხელს - ეს უკანასკნელნი დამოკიდებული ცვლადებია: როდესაც ევროპის გეშინია, ხსნას სხვაგან ეძებ, თუნდაც რუსეთში. იმ რუსეთსაც სჭირდება ვიღაც, ვინც დახმარებას სთხოვს, ვინც უნდა „გადაარჩინოს“. შესაბამისად, უმეტეს შემთხვევებში ეს არჩევანი თუ ჩარევა გამომდინარეა და არა პირველადი. დღეს ევროპას ზოგიერთი ისეთიც გაურბის და რუსულ კალთას ეპოტინება, ვისაც 1989 წლიდან საქართველოს დამოუკიდებლობა სურდა. როგორც ამბობენ, ამის მაგალითია ყბადაღებული მეუფე სპირიდონიც. მიზეზი სწორედ ევროპის შიშია, რომელიც რუსეთის შიშს სძლევს. ეს შიში მომდინარეობს იქიდან, რომ ევროპული ცხოვრების წესი განსხვავებულ უნარ-ჩვევებს ითხოვს. ბევრმა არ იცის, გამოცდილება არ აქვს იმისა, თუ როგორ იყოს თავის საქმეში პროფესიონალი, საცხოვრის გარემოში კი ტოლერანტული. ეშინიათ იმისიც, რომ აღარ იქნება შესაძლელობა, ნაცნობ-მეგობრებისა თუ პატრონების დახმარებით, კანონს აუარონ ხოლმე გვერდი. ეს შიშები წარმოშობს აგრესიას არატრადიციული ჩაცმულობისა და ევროპული სიმბოლოების წინააღმდეგ. აქედანაა სექსუალური დისკრიმინაციის იმპულსებიც - ანტიევროპელები თავისებურად გაგებულ ტრადიციებს სექსუალურ ნიადაგზე ბულინგისათვის იყენებენ და შიშს აძლიერებენ თუ იძლიერებენ. რუსეთი (ანუ კრემლი) ამას ტაშს უკრავს.

არსებითად, რაც ზემოთ დავწერე, ესაა ანტიევროპელობის პირველი კომპლექსური მიზეზი. მეორე ძალაუფლების სიყვარულია - განუზომელი სიყვარული. იგიც ყველა დონეზე შეიმჩნევა: სკოლაში, ქუჩაში, ოჯახში, სამსახურებში - თუ ღირებულებათა სისტემა იცვლება, გარდაუვლად იკარგება სოციალური გავლენის საყრდნებიც. პოლიტიკური ელიტის თეორიებიდანაა ცნობილი, რომ ახალი უნარ-ჩვევების აქტუალიზაცია ელიტების ცვლას იწვევს. პატარ-პატარა ფესვგადგმული „ელიტუკები“ კი ყველგანაა, ყველა დონეზე. ანტიევროპელები გუმანით ხვდებიან, რომ მათი დრო მიდის და აბა ვინ შეეგუება ამას მარტივად?

მაგრამ მეორე მიზეზში მთავარი მაინც პოლიტიკური ელიტა თუ პოლიტიკური კლასია, კერძოდ მისი მმართველი ნაწილი. თუ ტრადიცია ისიცაა, რომ ძალაუფლების გარეშე არც სოციალური გავლენებია გარანტირებული და არც ეკონომიკური სიამე, შედეგი ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნის სურვილია. დამოუკიდებლობის შემდეგ ამ სურვილის ნიშნებს სულ ვხედავთ, თუმცა ახლა ვითარებამ კულმინაციას მიაღწია. არ ვიცი, რას ფიქრობენ საჭეთმპყრობელები - ცას ხომ არ გამოეკიდებიან? მაგრამ ალბათ ა) არ ფიქრობენ სიბერეზე; ბ) ყველაფერი საკუთარი შვილებისათვის უნდათ. ევროპელობა კი ამ სურვილებს არ შეეფერება. შედეგად, ლოგიკურია, რომ როდესაც ევროპეიზაციის რეალური შანსი გაჩნდა, მმართველებმა გაიძრეს ევროპული სამოსელი და, როგორც სხვა კონტექსტში ოდესღაც ნოდარ ლადარიამ თქვა, გამოჩნდა მათი მამა-პაპური ნამჯა.

სადაა აქ რუსეთის, უფრო სწორად კი კრემლის ადგილი? კრემლი ყოველთვის ჩვენთანაა, მაგრამ, პირველ რიგში, იგი სწორედ ამ მამა-პაპური ნამჯის განოყიერებითაა დაკავებული. მას დასაყრდენი სჭირდება, სხვაგვარად არც არასოდეს ყოფილა. იმპერიის დროსაც და სსრკ-ს დროსაც იგი ადგილობრივი მომხრეების პოვნა-ძიებით იყო ხოლმე დაკავებული. არ იქნება ადგილობრივი „მეხუთე კოლონა“, არ გამოვა ქვეყნის დაპატრონებაც - ვიღაცათა მხსნელად მოვლენის ორეოლი იმპერიებსაც სჭირდებათ. კრემლის სასიხარულოდ, ამ კოლონის ნაკლებობა არასოდეს შეინიშნებოდა.

რაა ყოველივე ამის მორალი და, მით უმეტეს, აქედან გამოსავალი? ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში, პრობლემის გასიგრძეგანება, განათლება. მაგრამ დრო ცოტაა: შეიძლება ევროპის მოულოდნელად გაღებული კარი ისევ დაიხუროს. ამიტომ, როგორმე, არჩევნებია დასანიშნი და მოსაგები. მავანნი ხელისუფლებიდან არჩევნებსაც სიამოვნებით გააუქმებდნენ, მაგრამ ისინიც არ არიან ყოვლისშემძლენი, მათი შვილებსაც ეხილებათ თვალი, რომ ცვლილებების დროა.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG