ორშაბათს დაიბომბა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი სლავიანსკი, რომელიც უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, რუსეთის ჯარებმა ქალაქს S-300 რაკეტები ესროლეს. დაზიანებულია შენობები, იტყობინებიან ერთი დაღუპულის შესახებ, დაიჭრა მინიმუმ 25 ადამიანი. რაკეტები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა.
სლავიანსკიდან ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნეს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. კირილენკოს სიტყვებით, დაზიანებულია 5 მრავალსართულიანი და რამდენიმე კერძო საცხოვრებელი სახლი.
ასევე იტყობინებიან, რომ სარაკეტო იერიში განხორციელდა ქალაქ დრუჟკოვკაში, ბახმუტის სამხრეთით. დარტყმის შედეგად დაინგრა ბავშვთა სახლის შენობა. როგორც იტყობინებიან, შენობაში ბავშვები არ ყოფილან, არავინ დაშავებულა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მოსკოვი უარყოფს, რომ რუსეთის ჯარები დარტყმებს ახორციელებენ სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ.
დონეცკის ოლქში ყველაზე მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის გარეშემო. სლავიანსკი, რომელიც 2014 წლის აპრილიდან ივლისამდე პრორუსულ სეპარატისტულ დაჯგუფებებს ეკავათ ფსბ-ს პოლკოვნიკ იგორ სტრელკოვის (გირკინი) მეთაურობით, ბახმუტის დასავლეთით მდებარეობს დაახლოებით 20 კილომეტრზე.