Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ უკრაინის არმიის პოზიციები მოინახულა ზაპოროჟიეს ოლქში


ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქში ჩავიდა უკრაინის არმიის პოზიციების მოსანახულებლად. 27 მარტი, 2023 წ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქში ჩავიდა უკრაინის არმიის პოზიციების მოსანახულებლად. 27 მარტი, 2023 წ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქში ჩავიდა უკრაინის არმიის პოზიციების მოსანახულებლად.

„ზაპოროჟიეს ოლქი. მოწინავე პოზიციები. პატივია აქ ყოფნა, ჩვენი მეომრების გვერდით. უკრაინის ყოველ მეომარს მადლობას ვუხდი უკრაინის, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი ბავშვების დაცვისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,“ წერია პრეზიდენტის არხზე ტელეგრამში.

პუბლიკაციას თან ახლავს ვიდეო სამხედროების დაჯილდოების სცენით. როდის არის ეს კადრები გადაღებული და სად, არ აზუსტებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ფორმალურად მოახდინა ზაპოროჟიეს ოლქის ანექსია, რუსეთის სამხედროები ოლქის ტერიტორიის მხოლოდ 70%-ს აკონტროლებენ. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ენერგოდარის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის ოკუპირება. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ზაპოროჟიე, კვლავაც უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა. რუსეთის ჯარები რეგულარულად უშენენ მას რაკეტებს.

ზაპოროჟიეში ზელენსკი შეხვდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის. მათ ერთად მოინახულეს დნეპროჰესი.

„დნეპრის ჰიდროელექტროსადგური განუყოფელი ნაწილია სისტემისა, რომელიც უზრუნველყოფს ზაპოროჟიეს აესის უსაფრთხოებას. ვლადიმირ ზელენსკიმ მაჩვენა კაშხლისთვის ახლახან მიყენებული ზარალი,“ დაწერა ტვიტერში გროსიმ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გროსი მეორედ ჩადის ზაპოროჟიეს აესის მოსანახულებლად. ელექტროსადგური შარშან მარტიდან რუსეთის ჯარების ხელშია.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გამოდის მოწოდებით, ზაპოროჟიეს აესის გარეშემო უსაფრთხოების ზონა შეიქმნას. მაგრამ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს პერიოდულად უშენენ ცეცხლს, რის გამოც ევროპის უდიდეს აესს ეთიშება ელექტრომომარაგების გარე წყაროებთან კავშირი და საავარიო რეჟიმზე გადადის.

რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს სდებენ ბრალს აესისთვის ცეცხლის დაშენაში. კიევი აცხადებს, რომ რუსეთი სადგურს იყენებს შეიარაღებისა და ამუნიციის შესანახად, ასევე იქიდან ცეცხლს უშენს უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში არაერთხელ თქვეს, რომ ელექტრომომარაგებიდან სადგურის გათიშვა ზრდის რეგიონში ბირთვული კატასტროფის საფრთხეს.

XS
SM
MD
LG