Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ დახურა უკანასკნელი სამი ატომური ელექტროსადგური


გერმანია, ბერლინი, ატომური ელექტროსადგურების დახურვის პროცესთან დაკავშირებით მიმდინარე დემონსტრაციები
გერმანია, ბერლინი, ატომური ელექტროსადგურების დახურვის პროცესთან დაკავშირებით მიმდინარე დემონსტრაციები

16 აპრილის ღამეს გერმანიამ გამორთო ქვეყანაში მოქმედი უკანასკნელი სამი ატომური ელექტროსადგური. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011 წელს, მას მერე, რაც იაპონიაში ფუკუშიმის კატასტროფა მოხდა.

პირველმა ატომურმა ელექტროსადგურმა გერმანიაში მუშაობა დაიწყო 1961 წელს. 2000-იან წლებში ქვეყანაში მოქმედებდა 19 ატომური ელექტროსადგური. ფუკუშიმის კატასტროფის შემდეგ, ანგელა მერკელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ატომური ენერგეტიკა მეტად სახიფათოა და ელექტროსადგურების ეტაპობრივი გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

უკანასკნელი სამი რეაქტორის დახურვა, რომლებიც ბავარიაში, ბადენ-ვიურტემბერგსა და ქვემო საქსონიაში მდებარეობს, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს იგეგმებოდა. თუმცა, ენერგეტიკული კრიზისის გამო, რომელიც რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საფუძველზე, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერებამ გამოიწვია, რეაქტორების დახურვის პროცესი გადაიდო.

შაბათსა და კვირას გერმანიის ქალაქებში გაიმართა ატომური ელექტროსადგურების როგორც მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები. ელექტროსადგურების გარშემო ერთი აზრი არ არსებობს არც პოლიტიკოსებს შორის.

სოციოლოგიური ინსტიტუტის YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გერმანელების დაახლოებით ორი-მესამედი არ უჭერენ მხარს „მშვიდობიან ატომზე“ უარის თქმას. გამოკითხულა 32% აცხადებს, რომ ატომური ელექტროსადგურების ფუნქციონირება უნდა გაგრძელდეს გარკვეული ვადით. 33%-ის აზრით ელექტროსადგურებმა მუშაობა განუსაზღვრელი ვადით უნდა განაგრძონ. გამოკითხულთა მხოლოდ 26% თვლის, რომ ატომური ელექტროსადგურების დახურვა სწორი გადაწყვეტილებაა.

მაშინ, როდესაც გერმანიამ შეაჩერა უკანასკნელი სამი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა, 16 აპრილის ღამეს, ფინეთში ექსპუატაციაში შევიდა ევროპაში უდიდესი ბირთვული რეაქტორი Olkiluoto 3-ის (OL3). ის არის კუნძულ ოლკილუოტოზე ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკი.

ფინელი ენერგეტიკოსები იმედოვნებენ, რომ რეაქტორის ამოქმედება ფინეთში ელექტროენერგიაზე ფასს დაწევს და შეამცირებს მეზობელი ქვეყნებიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის წილს. რეაქტორის ამუშავება ასევე გააუმჯობესებს ფინეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რუსეთის მხრიდან ენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფონზე.

XS
SM
MD
LG