ლატვიის სეიმმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი "9 მაისს გარკვეული საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ", რითაც ამ დღეს იკრძალება საჯარო თავყრილობების ჩატარება, გარდა ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისა. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზეა ნათქვამი.
79 პარლამენტარმა ხმა მისცა ახალ კანონს. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ფრაქცია „სტაბილურობის“ დეპუტატები. სეიმის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებიდან ერთ დღეში.
როგორც სეიმის საიტი იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელისუფლება მიზნად ისახავს "თავიდან აიცილოს ლატვიის, როგორც დემოკრატიული და ეროვნული სახელმწიფოს ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული საფრთხე, მათ შორის საზოგადოების გახლეჩა, ომის, სამხედრო აგრესიის, ტოტალიტარიზმისა და ძალადობის განდიდება და ასევე ისტორიული მოვლენების დამახინჯებული ასახვა."
კანონი 9 მაისს იძლევა იმ ღონისძიებების ჩატარების საშუალებას, რომლებიც უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვისა და რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაზარალებულთა და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემისკენ იქნება მიმართული.