გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციის ექვსი მონაწილე ზუგდიდის მერს, მამუკა წოწერიას და მის მოადგილეს, ბესიკ ჭეჟიას შეხვდა, თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა. აკრძალვის მიუხედავად, გარემოვაჭრეებმა მუშაობა განაახლეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ აპირებენ დათანხმდნენ მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებს, რადგან გაუჭირდებათ გადასახადის გადახდა. გარდა ამისა, მიუთითებენ, რომ შეთავაზებული ადგილები მოუწესრიგებელია და მყიდველი იქ მარტივად ვერ მივა.
“არ დავთმობთ ჩვენს ადგილებს სისხლის ბოლო წვეთამდე”, - თქვა მერთან შეხვედრის შემდეგ გარემოვაჭრე ინეზა ფარულავამ.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა პრობლემა “გარემოვაჭრეებისთვის უმტკივნეულოდ” მოაგვარონ. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გიგა მელიას განცხადებით, მათ აქციის მონაწილეებს შესთავაზეს სხვადასხვა ტიპის ფართები, სადაც გადასახადზე თავად შეჯერდებიან ობიექტის მფლობელებთან. მისი სიტყვებითვე, მერიის შუამდგომლობით, გარემოვაჭრეები რამდენიმე თვის განმავლობაში გადასახადზე შეღავათებით ისარგებლებენ.
"გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს იმ ტერიტორიებზე, რომელიც საერთო სარგებლობის სივრცეებია. ისეთი ტერიტორიები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები სისტემატიურად იყენებენ გადაადგილებისთვის, არის შეზღუდული გარემოვაჭრეების მხრიდან. მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება", - განაცხადა ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიგა მელიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ გარემოვაჭრეები აქციას დილიდან მართავდნენ. გუშინ, 4 მაისს, მათ მიიღეს გამაფრთხილებელი წერილი, რომლითაც მერია გარევაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მერიამ გარემოვაჭრეებს წერილობით აცნობა, რომ საქმიანობის ამ ფორმით გაგრძელების შემთხვევაში, "კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს" გამოიყენებს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს ჯარიმას და გასაყიდი ნივთების ჩამორთმევას. მათ დღეს მერიის შენობაში შეჭრაც სცადეს, რაშიც პოლიციამ შეუშალა ხელი.
რამდენიმე დღის წინ, 1 მაისს, ზუგდიდის ბაზართან აქცია გამართეს ბაზარში დასაქმებულებმა. მათი მოთხოვნა სწორედ გარევაჭრობის აკრძალვა იყო. მათ პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს მუნიციპალიტეტისგან და ბაზრის ადმინისტრაციისგან.
გარევაჭრობის აკრძალვას წლების განმავლობაში ცდილობდნენ ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა ყოველი პროტესტის შემდეგ ძველი მოცემულობა ბრუნდებოდა.