სერბეთი უარს ამბობს გამარტივებული პროცედურით მიანიჭოს ქვეყნის მოქალაქეობა რუსებსა და სხვა უცხოელებს, რომლებიც სერბეთში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.
ასეთი ნორმები გათვალისწინებულია კანონპროექტში, რომელიც სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტში შეიმუშავა. დოკუმენტის თანახმად, უცხოელებს, რომლებიც ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბინადრობის ნებართვით, ოფიციალურად მუშაობდნენ სერბულ კომპანიაში ან იყვნენ თვითდასაქმებულები, ნებართვა ეძლეოდათ მიემართათ სერბეთის ხელისუფლებისთვის მოქალაქეობის მისაღებად. ახლა სერბეთის პასპორტის მისაღებად, პირი ქვეყანაში მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში უნდა იყოს ნაცხოვრები.
ევროკომისიამ გააფრთხილა ბელგრადი, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სერბეთთან უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, გაუქმებულიყო, "ევროკავშირის უსაფრთხოების რისკების გამო." ევროკომისიის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპის ხელისუფლებამ გასულ წელს "მკაფიო რეკომენდაციები" მისცა ბელგრადს, "უარი თქვას ან თავი შეიკავოს ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის გაცემის სქემაზე."
სერბეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, შეეცდება ბინადრობის ნებართვის გაგრძელებას დაახლოებით ორასი ათასი რუსისთვის, რომლებიც ქვეყანაში 2022 წლის თებერვლიდან ჩავიდნენ, იტყობინება ანალიტიკურ ცენტრ Global Citizenship Observatory-ის დირექტორის მოადგილე ელენა ჯანკიჩი.
სერბეთმა ოფიციალურად დაგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, მაგრამ არ დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, "ორ სახელმწიფოს შორის არსებული ტრადიციული კავშირების" მოტივით.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ევროპის ქვეყნებიდან გაძევებული რუსი დიპლომატების ნაწილი სერბეთში საელჩოში დასაქმდა. დიპლომატიური მისიების ამ თანამშრომლებს შორის არის მინიმუმ ორი ადამიანი, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსულ დაზვერვასთან. მათ შორის - რუსეთის „ეფესბეს“ მე-16 ცენტრის თანამშრომელი, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლება პასუხისმგებლობას აკისრებს ამერიკულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ჰაკერული თავდასხმებისთვის.