Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, განადგურებულია რუსეთის 16 დრონი და 3 რაკეტა


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ კიევის თავზე განადგურებული რუსული რაკეტა. 2023 წლის 18 მაისი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ კიევის თავზე განადგურებული რუსული რაკეტა. 2023 წლის 18 მაისი

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხანდელი თავდასხმისთვის გამოიყენეს რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები.

საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთმა ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებიდან უკრაინას შეუტია 22 უპილოტო საფრენი აპარატით (Shahed-136/131), ხოლო შავ ზღვაში დისლოცირებული გემებიდან - 6 ფრთოსანი რაკეტით „კალიბრი“.

სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 16 დრონი და 3 რაკეტა.

დღეს დილამდე გაგრძელდა რუსეთის მორიგი შეტევის გამო უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში. თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კვლავ კიევი იყო. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაისის დასაწყისიდან უკვე მეათე საჰაერო თავდასხმისას საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. ადმინისტრაციის თანახმად, ყველა მათგანი მოგერიებულია.

წუხანდელი საჰაერო დარტყმის შედეგად, 2 ადამიანი დაიჭრა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად დაზიანდა კერძო საწარმო და ადმინისტრაციული შენობა. აფეთქებები იყო ქალაქ ლვოვშიც. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

XS
SM
MD
LG