Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარეველასა და სკანდალში გახვეული თეთრი ქვები აეროპორტის გზიდან


კახეთის გზატკეცილი და თეთრი ქვებით მოწყობილი გზაგამყოფი
კახეთის გზატკეცილი და თეთრი ქვებით მოწყობილი გზაგამყოფი

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის გზის გამყოფ ზოლზე, თეთრ ქვებზე ჩამუხლული მერიის სამსახურის "ეკოსერვის ჯგუფის" თანამშრომლების ფოტოებმა სამი კვირის წინ სოციალური ქსელები ელვის სისწრაფით მოიცვა. თანამშრომლები აეროპორტის გზის გამყოფ ზოლზე, ოთხი წლის წინ დაყრილი ძვირადღირებული თეთრი ქვების სარელევა ბალახისგან გაწმენდას, ფაქტობრივად, დაჩოქილები ცდილობდნენ.

"ეკოსერვისის" თანამშრომლები თეთრი ქვების ბალახისგან გაწმენდას ცდილობენ, მაისის დასაწყისი, 2023
"ეკოსერვისის" თანამშრომლები თეთრი ქვების ბალახისგან გაწმენდას ცდილობენ, მაისის დასაწყისი, 2023

როგორც ჩანს, მარმარილოს ქვების ბალახისგან გათავისუფლების ამ მეთოდმა არ გაამართლა და ამჯერად, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრობლემა სხვა გზით მოაგვაროს.

თეთრი ქვები კახეთის გზატკეცილის გზაგამყოფზე
თეთრი ქვები კახეთის გზატკეცილის გზაგამყოფზე

„გზაგამყოფებზე არსებული თეთრი ქვები არ იცვლება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სარეველა მცენარეების საწინააღმდეგო ღონისძიებები, იჭრება მიწის ზედაპირი, რომლის დასრულების შემდეგ, თეთრი ქვები კვლავ დაუბრუნდება თავის ადგილს“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას მერიის გარემოს დაცვის სამსახურში.

თეთრი ქვების გარშემო ატეხილი ხმაური

სანამ თეთრი ქვები სარეველა ბალახში გაეხვეოდნენ, მანამდე, 2020 წელს, ისინი სკანდალში გაეხვნენ.

აეროპორტის გზაზე, კახეთის გზატკეცილის გზაგამყოფების თეთრი ქვებით მოწყობის ინიციატივა, თავიდანვე იქცა განხილვისა და კრიტიკის საგნად. სამუშაოები, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი, სამ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, შპს. „გრინსერვის+“ - მა შეასრულა. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2019 წლის ზაფხულში და მხოლოდ ქვები 1 427 506 ლარად შეიძინა.

სწორედ ქვების შეძენის ისტორია იქცა კრიტიკის მთავარ საგნად.

2020 წლის მიწურულს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ლევან ხაბეიშვილმა და ირაკლი ნადირაძემ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ თეთრი ქვები ირანული კომპანია Arvand Petrochemical Company-სგან იყიდა. კომპანიისგან, რომელიც 2019 წლის ივნისიდან აშშ-ის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში შედიოდა. ამერიკის ფედერალური ხაზინის დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურმა (OFAC) 2019 წლის ივნისში გამოავლინა, რომ ირანის ნავთობ-ქიმიური ჰოლდინგი Persian Gulf Petrochemical Industries Company (PGPIC) ფინანსურ დახმარებას უწევდა ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს, შესაბამისად, აშშ-მა სანქციები დაადო ყველა კომპანიას, რომელიც ჰოლდინგში იყო გაწევრიანებული. მათ შორის მოხვდა Arvand Petrochemical company-ც.

კახეთის გზატკეცილი
კახეთის გზატკეცილი

ხელისუფლების ოპონენტებმა, 2020 წლის მიწურულს, სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეო კახეთის გზატკეცილიდან (პირდაპირი ჩართვა), სადაც ნაჩვენები იყო, რომ ტომრებს, რომლებშიც ქვები ეყარა, დატანილი ჰქონდა აშშ-ის მიერ სანქცირებული კომპანიის სახელწოდება და წარწერა Made in Iran.

„გრინსერვის+“ - ის წარმომადგენელმა, ლაშა ფურცხვანიძემ, რომელიც დღეს „ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე" ბრალდებული ცხრა პირიდან ერთ-ერთია და მისი სასამართლო პროცესი ახლაც გრძელდება, მაშინ მედიას განუცხადა, რომ თეთრი ქვები, რომლითაც უნდა დაფარულიყო გზაგამყოფი ზოლი, ქართული კომპანიის მიერ იყო შემოტანილი და არ იყო ირანული. მისი მტკიცებით, ირანული წარმოების იყო მხოლოდ ტომრები, რომლებშიც ქვები ეყარა: „კომპანია, რომელიც დასახელდა, იმის ნახმარ ტომრებში არის ჩაყრილი ქვები. ამ ტომრებში ოდესღაც ეყარა პოლიმერქლორიდი, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში. შემდეგ ვიღაც ყიდულობს ამ მეორად ტომარას, შიგნით ყრის ქვას, ან მზესუმზირას და ყიდის“.

თითქმის იმავეს იმეორებს დღეს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „გრინსერვისის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, კობა ხარშილაძე. თუმცა, არ უარყოფს, რომ ქვები ნამდვილად ირანიდან ჩამოვიდა:

„დიახ, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ქვები მე მომაწოდა ქართულმა კომპანიამ „როიალ სთონმა“ და რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, მან ეს ქვები ჩამოიტანა ირანიდან. თუმცა, ამ ქვებს არანაირი კავშირი არ ჰქონდა დასანქცირებულ კომპანიასთან. ქვები ტრანსპორტირებისთვის ჩაიყარა მეორად ტომრებში და ამ ტომრებზე იყო დატანებული იმ დასანქცირებული კომპანიის სახელი. ამას შეგვიძლია დავარქვათ შეფუთვის ფურცელი. ჩვენ ეს ქვები, რეალურად არანაირი სანქცირებული კომპანიისგან არ შეგვიძენია. ეს იყო ჩვეულებრივი სიტყვების თამაში. ქვები რაშიც ეყარა, ის იყო მეორადი ტომრები, რომლებიც ტრანსპორტირებისთვის იქნა გამოყენებული და ამ ტომრებს ეწერა იმ ირანული კომპანიის სახელი, თორემ თვითონ ქვები არანაირ შეხებაში არ იყო ამ კომპანიასთან. თავიდან გვეგონა, რომ ქართულ ბაზარზე მოვიპოვებდით ამ ქვებს, მაგრამ ტექნოლოგიურად ვერ მოხერხდა საქართველოში ამ ქვების დამზადება და ირანიდან გაგვიხდა ჩამოსატანი“.

რაც შეეხება „გრინსერვისის“ მიერ ტენდერით გათვალისწინებული საქმის შესრულების ხარისხს, კობა ხარშილაძე ამბობს,

„ჩვენ 2019 წელს მოვიგეთ ტენდერი, სადაც ეწერა, რომ ჯერ უნდა მოსწორებულიყო ნიადაგი, დაფენილიყო ჯეომემბრანა და დაყრილიყო ქვები. მეტი არანაირი მდგენელი არ ჰქონდა ამ ტექნიკურ დავალებას. მაშინ გაკეთდა საქმე და ამით დასრულდა ჩვენი საქმიანობაც ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ აღარ ვართ ამ პროცესში ჩართული. თუკი ახლა მერიამ ტექნოლოგიურად სხვა რაიმე გადაწყვიტა, ეს მათი ნებაა“.

ვისგან იყიდა „გრინსერვისმა“ თეთრი ქვები?

აეროპორტისკენ მიმავალი გზა
აეროპორტისკენ მიმავალი გზა

ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „გრინსერვისმა“ თეთრი ქვები საქართველოში დაფუძნებული „როიალ სტოუნ გრუპ“-ისგან შეიძინა. კომპანია 2019 წელსაა რეგისტრირებული და მას სამი დამფუძნებელი ჰყავს - ლევან გორდულავა, ავედ იქბალ ჩოუდრი (პაკისტანი) და მოსს ჰადდად (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო).

ლევან გორდულავა ისევე როგორც ორი წლის წინ, ახლაც უარყოფს რაიმე ტიპის ურთიერთობას „გრინსერვისთან“. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისი კომპანიისა და „გრინსერვისის“ თანამშრომლობის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა:

„არსებობს საბაჟო, არსებობს საგადასახადო, უამრავი სამსახური, მიბრძანდით და ნახეთ, რა მაქვს შემოტანილი, რა მაქვს ნაყიდი, საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს არც „გრინსერვისთან“, არც ირანთან. ეს კომპანია უბრალოდ დავაფუძნეთ, გეგმაში მქონდა რაღაცის გაკეთება, პარტნიორი მყავდა პაკისტანელი. ვფიქრობდი ქვის საწარმოს გაკეთებას, მთავრობაში მქონდა წერილი შეტანილი, რომ მინდოდა ქარხნის გაკეთება, მაგრამ გარდაიცვალა პარტნიორი და ეს კომპანია დამრჩა ასე გახსნილი. ერთი ლარის ბრუნვა არ მაქვს. ამოიღეთ არქივები, საგადასახადოები, შეამოწმეთ კომპანია, საერთოდ ბრუნვა არ მაქვს. ხომ ჰყავს ტელევიზიებს საგამოძიებო ჯგუფები, გამოიძიეთ“.

ლევან გორდულავასთან საუბრის შემდეგ, რადიო თავისუფლებამ თეთრი ქვების შემომტანი კომპანიის ზუსტი დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი „გრინსერვისის“ დამფუძნებელთან, კობა ხარშილავასთან კიდევ ერთხელ დააზუსტა. მის მიერ მოწოდებული მონაცემების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადამოწმების შემდეგ, გაირკვა, რომ „გრინსერვისმა“ თეთრი ქვების შემოტანის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა არა „როიალ სტოუნ გრუპ“-თან, არამედ მსგავსი დასახელების შპს.- თან, „როიალ სთონ“-თან.

ეს შპს 2019 წლის დეკემბერში, საქართველოშია დაფუძნებული და სააგენტოში დაცული ინფორმაციის თანახმად, ორი დირექტორი ჰყავს, ჰამიდ ირანი (ირანის ისლამური რესპუბლიკა) და თამარ ტორონჯაძე (საქართველო). ისინი კომპანიის წილს თანაბრად, 50-50%-ს იყოფენ.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანიის იურიდიული მისამართია თბილისი, ილიკო ქურხულის ქუჩა #18. თუმცა, ამ მისამართზე მისულ რადიო თავისუფლებას მხოლოდ თბილისური ტიპის ეზო და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დახვდა. ეზოში მცხოვრები მეზობლები ამბობენ, რომ ამ მისამართზე არასდროს ყოფილა მსგავსი ტიპის კომპანია. ისინი არც კომპანიის მფლობელებს, თამარ ტორონჯაძესა და ჰამიდ ირანს იცნობენ.

ქურხულის #18. "როიალ სთონის" იურიდიული მისამართი
ქურხულის #18. "როიალ სთონის" იურიდიული მისამართი

მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ, ამ ეტაპზე, ვერ შეძლო კომპანიის დამფუძნებელთან, თამარ ტორონჯაძესთან დაკავშირება და თეთრი ქვების რეალური წარმომავლობის მასთან გადამოწმება.

რაც შეეხება კახეთის გზატკეცილის გზაგამყოფზე მიმდინარე სამუშაოებს, მერიის გარემოს დაცვის სამსახურში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ გაწმენდითი სამუშაოები, ნიადაგის მოჭრა, დამუშავება და შემდეგ, თეთრი ქვების ხელახლა დაყრა, სავარაუდოდ, მომდევნო ორი თვის განმავლობაში დასრულდება.

რა დაუჯდება დედაქალაქის ბიუჯეტს ეს სამუშაოები ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას მერიაში ასე პასუხობენ: „ზუსტი ბიუჯეტი სამუშაოების დასრულების შემდეგ დადგინდება“.

გარემოს დაცვის სამსახურში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეთრი ქვებით მოპირკეთებულ გზაგამყოფს „სარეველა ბალახის პრობლემა შეექმნა“. რაც შეეხება სხვა დამატებით დეტალებს, მერიაში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის სახით შეგვიძლია გამოვითხოვოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG