Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურჯაანში სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება


გურჯაანში ქვა-ღორღისა და მოგლეჯილი ხეებისგან წმენდენ სავალ გზებს. 2023 წლის 16 ივნისი
გურჯაანში ქვა-ღორღისა და მოგლეჯილი ხეებისგან წმენდენ სავალ გზებს. 2023 წლის 16 ივნისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ გურჯაანში.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები ქვა-ღორღისა და მოგლეჯილი ხეებისგან სავალ გზებს წმენდენ თავისუფლების, წმინდა ნინოს და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე. საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

დატბორილია სახლები, აფთიაქები და მაღაზიები. მათი მფლობელები ტერიტორიას საკუთარი ძალებით ასუფთავებენ.

15 ივნისს, მდინარე ნავთისხევის ადიდების შედეგად მოვარდნილმა წყალმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიღო გარემოვაჭრეთა დახლები და პროდუქტი. წყალმა წაიღო ავტომანქანებიც, რომელთა ნაწილი გურჯაანიდან რამდენიმე კილომეტრში გამორიყა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა გურჯაანში დათვალა სულ მცირე 30 დაზიანებული ავტომობილი. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია.

მუნიციპალიტეტის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და ინტერნეტი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

დღეს გურჯაანში ელოდებიან მთავრობის ადმინისტრაციის და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG