Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტს ამზადებს


ვოლოდიმირ ზელენსკი და ურზულა ფონ დერ ლაიენი
ვოლოდიმირ ზელენსკი და ურზულა ფონ დერ ლაიენი

Bloomberg-ის თანახმად, ევროკავშირი უკრაინისთვის დაახლოებით 50 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს. შესაბამისი წინადადება ევროკომისიამ მოამზადა. თანხები უკრაინის მთავრობის მიმდინარე ხარჯების დაფარვას, კერძოდ, საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის პენსიებისა და ხელფასების გადახდას, ასევე რუსეთის შეჭრის შედეგად დაზიანებული ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების აღდგენას უნდა მოხმარდეს.

მოსალოდნელია, რომ ახალი, უდიდესი დახმარების პაკეტი გამოცხადდება ლონდონში საერთაშორისო კონფერენციის წინა დღეს, რომელიც 21 ივნისს იხსნება.

უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების წინა პაკეტებისგან განსხვავებით, 50 მილიარდი ევროს პაკეტი დაფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებით და არა ფინანსურ ბაზარზე სესხის აღებით. ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა ევროკავშირის ყველა ქვეყანა ამ სქემას.

სახსრების გამოყოფის პირობას წარმოადგენს შემდგომი რეფორმები უკრაინაში, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მხრივ.

ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 67 მილიარდ ევროზე მეტი ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწია. ამრიგად, დახმარების ახალი პაკეტის მოცულობა მხოლოდ მცირედითაა ნაკლები ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ადრე გაწეული დახმარების საერთო ოდენობაზე.

XS
SM
MD
LG