20 აგვისტოს სამი წელი შესრულდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლიდან.
2020 წლის 20 აგვისტოს ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა თვითმფრინავით, მგზავრობისას გონება დაკარგა.
თვითმფრინავი უკან, ომსკის აეროპორტში დაეშვა, საიდანაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსი ექიმები უარყოფდნენ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერების არსებობას.
ნავალნის ოჯახს ორი დღის შემდეგ მისცეს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება. ბერლინის კლინიკაში ალექსეი ნავალნი კომიდან 7 სექტემბერს გამოიყვანეს.
ევროპის რამდენიმე დამოუკიდებელი ლაბორატორიის და ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ პოლიტიკოსი მოწამლული იყო ნივთიერებით „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდან.
2018 წელს დიდ ბრიტანეთში „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. გაერთიანებულმა სამეფომ სკრიპალებზე თავდასხმის გამო პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.
„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი თავისი მკვლელობის მცდელობაში პირადად პრეზიდენტ პუტინს ადანაშაულებს. პუტინის ხელისუფლებამ 2021 წელს, ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმიდან წლისთავზე, ისევ განაცხადა, რომ არარსებული მოწამვლა იყო მსოფლიოს თვალში რუსეთის დისკრედიტაციისკენ მიმართული, დაგეგმილი პროვოკაცია.
გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ, ნავალნი მოსკოვში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტშივე დააკავეს. 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის მუხლით ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობა რეალური სასჯელით, 2,5-წლიანი პატიმრობით შეუცვალა. მოგვიანებით პოლიტიკოსი ასევე გაასამართლეს თაღლითობის მუხლით.
2023 წლის 4 აგვისტოს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის ექსტრემისტული საზოგადოების შექმნის საქმეზე 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროცესი ვლადიმირის რეგიონის მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში გაიმართა.
ალექსეი ნავალნის მოწამვლის და დაპატიმრების გამო, დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს.