Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდება გმირებს“ - გაიმართა მსვლელობა გმირთა მოედნიდან პარლამენტის შენობამდე


მსვლელობა „დიდება გმირებს“
მსვლელობა „დიდება გმირებს“

პროევროპული აქციების 253-ე დღეს, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების მე-17 წლისთავს დაემთხვა, თბილისში გაიმართა მსვლელობა სახელწოდებით „დიდება გმირებს“.

დემონსტრანტები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ვარაზის ხევის, მელიქიშვილის ქუჩის, კოსტავასა და რუსთაველის გამზირების გავლით კი პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

მსვლელობის დროს ისმოდა შეძახილები „ბოლომდე“, „ანწუხელიძე უკვდავია“, „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“, „დიდება დამოუკიდებელ საქართველოს“, „დიდება გმირებს“. მსვლელობაში მონაწილეობდნენ პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრებიც.

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები.
პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები.

პარლამენტის შენობასთან მისვლის დროს გაისმა საქართველოს ჰიმნი.

მსვლელობა „დიდება გმირებს“
მსვლელობა „დიდება გმირებს“

დღეს, 7 აგვისტოს 17 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან.

ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.

რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20% - აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.

„ქართული ოცნების" ხელისუფლება ომის დაწყების დღედ 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგამოძიებო კომისიაც შექმნა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG