Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადონა პაპს მოუწოდებს ღაზაში ჩავიდეს, „სანამ ძალიან გვიანი არ იქნება“


პოპმომღერალი მადონა
პოპმომღერალი მადონა

მოკლედ

  • მადონამ რომის პაპს მოუწოდა, ღაზაში ჩავიდეს და ბავშვების დასახმარებლად ჰუმანიტარული გზების გახსნა მოითხოვოს.
  • პოსტი პოპვარსკვლავმა შვილის, როკოს 25 წლის იუბილეზე დაწერა, რადგან მისთვის, როგორც დედისთვის, აუტანელია ბავშვების ტანჯვის ყურება.
  • მადონამ განაცხადა, რომ ომში მხარეს არ იჭერს და მხოლოდ ბავშვების გადარჩენისთვის მოქმედებს.

მადონამ რომის პაპს ღაზაში ვიზიტისკენ მოუწოდა, რათა ბავშვებს დახმარება აღმოუჩინოს. პოპვარსკვლავმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დრო აღარ ითმენს და ჰუმანიტარული გზების სრულად გახსნა აუცილებელია. პაპმა ცოტა ხნის წინ ისევ მოუწოდა ომის "ბარბაროსობის" შეწყვეტისკენ და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ.

მადონამ რომის პაპს მოუწოდა, ღაზაში ჩავიდეს და ბავშვებს თავისი "სინათლე მიაწოდოს, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება.”

პოპვარსკვლავმა პაპისადმი მიმართვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და თქვა, რომ პოსტის დაწერა თავისი შვილის, როკოს დაბადების დღემ გადააწყვეტინა, რადგან მისთვის, როგორც დედისათვის, აუტანელია ღაზის ბავშვების ტანჯვის ყურება. როკო ორშაბათს 25 წლის გახდა.

მადონამ პაპ ლეონ XIV-ს მიმართა: „მსოფლიოს ბავშვები ყველას ეკუთვნის. თქვენ ერთადერთი ჩვენგანი ხართ, რომელსაც შესვლაზე უარს ვერ ეტყვიან.“ მომღერალმა დასძინა: „ჩვენ გვჭირდება, რომ ჰუმანიტარული კარიბჭეები სრულად გაიხსნას ამ უდანაშაულო ბავშვების გადასარჩენად. დრო აღარ არის. გთხოვთ თქვით, რომ წახვალთ. სიყვარულით, მადონა“.

მომღერალმა დასძინა, რომ ომში მხარეს არ იჭერს.

„მე არ ვიშვერ თითს, დამნაშავეს არ განვსაზღვრავ და არც მხარეს არ ვიჭერ. ყველა იტანჯება. მათ შორის მძევლების დედებიც“, - დაწერა მან. „ვლოცულობ, რომ ისინიც გაათავისუფლონ“. „მე უბრალოდ ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო რაც შემიძლია, რომ ეს ბავშვები შიმშილით არ დაიხოცნენ.“

პაპი ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გამოვიდა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მოწოდებით და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, პატივი სცეს ჰუმანიტარულ კანონებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ვალდებულებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG