ისრაელის არმიამ 31 აგვისტოს ღამით პალესტინელთა ტერიტორიის - ღაზის სექტორის - მთავარი ქალაქის, ღაზის გარეუბნები დაბომბა.
ცეცხლი ჰაერიდან და ხმელეთიდან დაუშინეს, დაინგრა სახლები და ბევრი ოჯახი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.
Reuters-ის თანახმად, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ისრაელის არმის დარტყმების შედეგად კვირას, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 მაშინ, როცა საკვების მიღებას ცდილობდნენ დახმარების ობიექტთან.
ამ ოპერაციის ფონზე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უსაფრთხოების კაბინეტი კვირას ქალაქის აღების გეგმის განსახილველად იკრიბება.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ძალებმა გაამძაფრეს ოპერაციები ქალაქის გარშემო, 29 აგვისტოდან კი შეწყვიტეს დროებითი პაუზები იმ ტერიტორიაზე, რომელიც დახმარების მიწოდების საშუალებას იძლეოდა და ის „სახიფათო საბრძოლო ზონად“ გამოაცხადეს.
ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს უსაფრთხოების კაბინეტი კვირა საღამოს განიხილავს ქალაქ ღაზის აღებისთვის იერიშის შემდეგ ეტაპებს. ამ არეალს ნეთანიაჰუს მთავრობა ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად) უკანასკნელ ბასტიონად თვლის.
ისრაელი აცხადებს, რომ სანამ სახმელეთო ძალებს შეიყვანდეს, სურს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. “წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მირიანა სპოლიარიჩმა განაცხადა, რომ ქალაქიდან ევაკუაცია გამოიწვევს მოსახლეობის მასობრივ გადაადგილებას, მათ მისაღებად კი ღაზის სექტორის არცერთი სხვა ტერიტორია არ არის მზად, საკვების, თავშესაფრისა და სამედიცინო მარაგების მწვავე დეფიციტის ფონზე.
ისრაელის სამხედროებმა გააფრთხილეს თავიანთი პოლიტიკური უფროსები, რომ ამგვარი იერიში საფრთხეს უქმნის ჰამასის მიერ დაკავებულ მძევლებს.
ისრაელში ბოლო ხანს გახშირდა და გაფართოვდა ომის დასრულებისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები.
Reuters-ის ცნობით, 30 აგვისტოს საღამოს თელ-ავივში გაიმართა დიდი დემონსტრაცია, ხოლო კვირა დილით მძევლების ოჯახებმა მინისტრების სახლების წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
ჰამასის მეთაურობით ისრაელის სასაზღვრო არეალში თავდასხმას 2023 წლის 7 ოქტომბერს, რომლის დროსაც დაიღუპა დაახლოებით 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, ხოლო 251 მძევლად აიყვანეს, ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო საომარი მოქმედები მოჰყვა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის სამხედრო კამპანიამ ღაზაში იმსხვერპლა 63 000-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები.
რეგიონში მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დანგრეულია შენობების დიდი უმრავლესობა; ომს მოჰყვა უმძიმესი ჰუმანიტარულ კრიზისი.
ფორუმი