Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩარლი კირკთან გამოთხოვების ცერემონიას ათიათასობით ადამიანი დაესწრო


21 სექტემბერს არიზონის შტატის ქალაქ გლენდეილის სტადიონზე, ჩარლი კირკთან გამოთხოვების ცერემონიის მონაწილეებს ტყვიაგაუმტარი მინით დაცული ტრიბუნიდან მიმართა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა
21 სექტემბერს არიზონის შტატის ქალაქ გლენდეილის სტადიონზე, ჩარლი კირკთან გამოთხოვების ცერემონიის მონაწილეებს ტყვიაგაუმტარი მინით დაცული ტრიბუნიდან მიმართა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა

ამერიკის არიზონის შტატის ქალაქ გლენდეილში გაიმართა კონსერვატორ ბლოგერთან და აქტივისტთან, მოძრაობა Turning Point USA-ს დამფუძნებელ ჩარლი კირკთან გამოთხოვების ცერემონია.

31 წლის ჩარლი კირკი სასიკვდილოდ დაჭრეს 10 სექტემბერს, იუტა ველის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს.

ჩარლი კირკთან გამოთხოვების ცერემონია 21 სექტემბერს გაიმართა ქალაქ გლენდეილის სტადიონ State Farm Stadium-ზე, რომელიც 73 ათას ადამიანს იტევს. ათასობით ადამიანი შეიკრიბა სტადიონის გარშემოც. მოძრაობა Turning Point USA-ს ცნობით, ჩარლი კირკთან გამოთხოვების ცერემონიაზე დასასწრებად 200 ათასზე მეტი ადამიანი იყო დარეგისტრირებული.

მათ თან ჰქონდათ კირკის პორტრეტები, ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და საჰაერო ბურთები, რომლებსაც ეწერა: „რწმენა, ოჯახი, თავისუფლება”.

ცერემონიის მონაწილეებს ტყვიაგაუმტარი მინით დაცული ტრიბუნიდან მიმართა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ჩარლი კირკი მისი აქტიური მხარდამჭერი იყო.

ტრამპმა კირკს უწოდა „ამერიკის თავისუფლებისთვის წამებული”, რომელიც სიმართლისთვის მოკლეს. დონალდ ტრამპის თანახმად, ჩარლი კირკის მკვლელობა კონსერვატიულ იდეალებზე თავდასხმაა.

„მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ მისი რწმენით და მამაცობით განმტკიცებულნი და შთაგონებულნი მისი მაგალითით დაეცვა ქვეყანა, რომლისთვისაც ის ცხოვრობდა, თავისუფლება, რომლისთვისაც დაიღუპა და ფასეულობები, რომლებიც ღრმად სწამდა”, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

ჩარლი კირკის ქვრივმა, ერიკა კირკმა, რომელიც ქმრის მკვლელობის შემდეგ სათავეში ჩაუდგა კონსერვატიულ მოძრაობა Turning Point USA-ს, ცერემონიაზე გამოსვლისას თავის მწუხარებასთან ერთად ილაპარაკა იმაზეც, თუ როგორ ხედავს ამერიკის მომავალს და განაცხადა, რომ ჩარლის პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს.

ერიკა კირკის განცხადებით, ის პატიობს ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს.

ჩარლი კირკის ქვრივი ერიკა კირკი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩარლი კირკთან გამოთხოვების ცერემონიაზე. გელნდეილი, 2025 წლის 21 სექტემბერი
ჩარლი კირკის ქვრივი ერიკა კირკი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩარლი კირკთან გამოთხოვების ცერემონიაზე. გელნდეილი, 2025 წლის 21 სექტემბერი

ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებულია 22 წლის ტაილერ რობინსონი. ის 12 სექტემბერს დააკავეს.

16 სექტემბერს იუტის შტატის პროკურატურამ რობინსონს წაუყენა 7-პუნქტიანი ბრალდება. მკვლელობის გარდა ბრალდებებს შორისაა მოწმეებზე ზეწოლა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.

გამოძიების თანახმად, ტაილერ რობინსონმა ჩარლი კირკი განზრახ მოკლა მისი შეხედულებების გამო.




ფორუმი

XS
SM
MD
LG