Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიმიის დარგში ნობელის პრემია სამ მეცნიერს გადაეცა


ეკრანზე ჩანან 2025 წლის ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები: იაპონელი სუსუმუ კიტაგავა, ბრიტანელი რიჩარდ რობსონი და ამერიკელ-იორდანელი ომარ მ. იაგი. შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია, სტოკჰოლმი, შვედეთი.
ეკრანზე ჩანან 2025 წლის ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები: იაპონელი სუსუმუ კიტაგავა, ბრიტანელი რიჩარდ რობსონი და ამერიკელ-იორდანელი ომარ მ. იაგი. შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია, სტოკჰოლმი, შვედეთი.

ქიმიის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ იაპონელი, ბრიტანელი და იორდანიელი მეცნიერები სუსუმი კიტაგავა, რიჩარდ რობსონი და ომარ მ. იაგი.

ლაურეატების ვინაობა დღეს, 8 ოქტომბერს გამოცხადდა სტოკჰოლმში, შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიაში.

მეცნიერებს ნობელის პრემია გადაეცათ ახალი მეტალორგანული კარკასების შემუშავებისთვის. მათ შექმნეს მოლეკულური კონსტრუქციები დიდი სივრცეებით, რომლებიც გაზებს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს ატარებენ. მეტალორგანული კარკასების გამოყენება შესაძლებელია, მაგალითად, უდაბნოში ჰაერიდან წყლის შესაკრებად.

კიტაგავა კიოტოს უნივერსიტეტში მოღვაწეობს, რობსონი - მელბურნის უნივერსიტეტში, ხოლო იაგი - კალიფორნიის უნივერსიტეტში.

ნობელის 2025 წლის პრემიით დაჯილდოება 6 ოქტომბერს დაიწყო და 13 ოქტომბერს დასრულდება.

6 ოქტომბერს მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი მეცნიერები მერი ბრანკოუ და ფრენკ რემსდელი და იაპონელი შიმონ საკაგუჩი.

7 ოქტომბერს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია გადაეცათ ბრიტანელ, ამერიკელ და ფრანგ მეცნიერებს ჯონ კლარკს, ჯონ მარტინისს და მიშელ დევორეს.

ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის და ლიტერატურის დარგებში და მშვიდობის დამყარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

1969 წლიდან შვედეთის ბანკის ინიციატივით დაარსდა ნობელის სახელობის პრემია ეკონომიკაში.

მშვიდობის გარდა, ნობელის ყველა პრემია შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიცემა, ხოლო მშვიდობის პრემია - ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG