BBC მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც Daily Telegraph-ში გაჟონა სტანდარტების სფეროში ყოფილი მრჩევლის შიდა ანგარიშმა, რომელშიც ლაპარაკი იყო ისრაელ-ჰამასის ომის, ტრანსგენდერთა საკითხებისა და ტრამპის გამოსვლის გაშუქების ხარვეზებზე.
თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ მაუწყებელს „პროპაგანდისტულ მანქანა“ უწოდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისმა მთავარმა დოკუმენტურმა პროგრამა Panorama-მ, ტრამპის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად დაამონტაჟა, რათა ისე გამოჩენილიყო, რომ 2021 წლის იანვარში ის კაპიტოლიუმის ბორცვზე არეულობებს აქეზებდა.
ტიმ დეივიმ, რომელიც ბრიტანეთის მაუწყებლობის კორპორაციას 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო „ფიქრის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ინტენსიურ პირად და პროფესიულ მოთხოვნებს ამ არამშვიდ პერიოდში ამ თანამდებობაზე ყოფნისას“.
თანამდებობა დატოვა ასევე BBC News-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დებორა ტერნესმაც.
"პანორამის" დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებ კადრებში ტრამპი ეუბნება თავის მომხრეებს, “ჩვენ მივალთ კაპიტოლიუმთან“ და "ისინი მთელი ძალით იბრძოლებენ“. მეორე ფრაზა ტრამპმა სინამდვილეში წარმოთქვა თავის სხვა გამოსვლაში. კაპიტოლიუმთან მისვლის შესახებ ფრაზა კი ასე მთავრდებოდა, რომ მივალთ და „მხარს დავუჭერთ ჩვენს მამაც სენატორებს, კონგრესმენ კაცებსა და ქალებს“.
ტრამპის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა BBC-ის უწოდა „100%-იანი ყალბი ახალი ამბები”. ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა ლიზა ნენდიმ მადლობა გადაუხადა დეივის გაწეული სამუშაოსთვის და თქვა, რომ მან მაუწყებელს მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდში უხელმძღვანელა.
დეივის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება "მთლიანად ჩემი გადაწყვეტილი" იყო და თანამდებობაზე მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩება, სანამ შემცვლელი არ მოიძებნება.
ფორუმი