იმ შემთხვევაში, თუ სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი ამ ცვლილებებს მიიღებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მიღება გამარტივდება და მსურველებისთვის სავალდებულო აღარ იქნება გავლილი ჰქონდეთ სავალდებულო სამხედრო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური.
ინიციატივა, რომელიც "ქართული ოცნების" მთავრობამ პარლამენტს 5 ნოემბერს წარუდგინა, საბოლოოდ 2026 წლის თებერვლის დასაწყისში განიხილება საკანონმდებლო ორგანოში.
მთავრობის განმარტებით, სამხედრო სამსახურის ვალდებულება მნიშვნელოვნად ზღუდავს "სამსახურში მიღების მსურველ მოქალაქეთა შრომის უფლებას", და ამასთანავე "ზიანდება სამსახურის საჯარო ინტერესი, პირადი შემადგენლობის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებისა და მათი კონკურენტულ გარემოში შერჩევა-შევსების თვალსაზრისით".
"აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება მოხსნის ტექნიკურ შეუსაბამობას და შესაძლებელს გახდის, რომ ზემოაღნიშნულმა პირებმა (რომლებიც არ არიან სამხედრო ვალდებულების მქონე პირები) სამსახურში მუშაობა დაიწყონ სახელმწიფო სპეციალური წოდებით", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
აქვე განმარტებულია:
- ცვლილება იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ ანდა კადრის სამსახურში მიიღონ პირები, რომლებიც „თავდაცვის კოდექსის“ შესაბამისად ჩარიცხულნი არიან რეზერვში 27 წლის ასაკის მიღწევის გამო ან/და ამავე კოდექსით განსაზღვრული სხვადასხვა საფუძვლით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლებული არიან.
- ასევე, აღარ იქნება მითითება იმის თაობაზე, რომ ოფიცრის სახელმწიფო სპეციალური წოდების ან ოფიცრის სამხედრო წოდების არმქონე პირი შეიძლება ჩაირიცხოს საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში, ვინაიდან კანონი ისედაც განსაზღვრავს, რომ საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ირიცხებიან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირები, ხოლო, კადრის სამსახურში - საშუალო და ზემდგომი სპეციალური წოდების მქონე პირები.
- პირი კადრის მოსამსახურეთა შემადგენლობაში ირიცხება და თანამდებობაზე ინიშნება სამსახურის უფროსის ბრძანებით, ხოლო, საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში - კონტრაქტისა და ბრძანების საფუძველზე.
ცვლილებების შემდეგ:
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ჩათვლით, ხოლო კადრის სამსახურში – არა უმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები.
- სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამსახურში მიიღოს და პირად შემადგენლობაში ჩარიცხოს პირი ასაკის მიუხედავად. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც დაინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით; ასევე, განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით მიღებისას, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები.“
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პასუხისმგებელია სახელმწიფო უწყებების შენობებისა და მაღალი თანამდებობების სახელმწიფო მოხელეების დაცვასა და უსაფრთხოებაზე.
ფორუმი