Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ 10-ზე მეტი ადამიანი დააკავა კაკაბაძის ქუჩის მიმდებარედ


დემონსტრანტების დაკავების კადრები
დემონსტრანტების დაკავების კადრები

პოლიციამ 10-ზე მეტი ადამიანი დააკავა თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე, სადაც მათე დევიძის მხარდამჭერი მსვლელობის მონაწილეები იყვნენ შეკრებილი. მათ შორის არიან ქალებიც.

„ქვემოთ მარშის ნაწილია ჩასული და გვინდა ჩვენც ჩავიდეთ. რეაქციულები არიან პოლიციელები, უცბად შეუვარდებიან ადამიანებს და აკავებენ“, - ეუბნებოდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე მეგი დიასამიძე „TV პირველს“, როცა პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი დააკავა - დემონსტრანტებს შორის მდგომ ახალგაზრდა კაცს ხელი ჩაავლეს და დაკავების ავტომობილისკენ წაიყვანეს.

დაკავებულთა ნაწილის ვინაობა ცნობილია. ისინი თავად ეუბნებოდნენ სახელებსა და გვარებს მედიას, რომელიც მათ დაკავებას იღებდა:

  1. ლუკა ხიზაძე;
  2. ხალიბეგ მაგამედოვი;
  3. რეზი დუმბაძე;
  4. გიორგი ჟამერაშვილი;
  5. გია ჯვარშეიშვილი;
  6. ვასო ბერიძე;
  7. ნინო ბარძიმაშვილი;
  8. მაკუნა გოჩიაშვილი;
  9. ელენე ბერიკაშვილი.

შსს-მ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის“ დააკავეს 13 ადამიანი.

დღეს, 19 ნოემბერს, ერთი წელი გავიდა 21 წლის მათე დევიძის დაკავებიდან. მის მხარდასაჭერად დაიგეგმა მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან პარლამენტის მიმართულებით.

მსვლელობის მონაწილეებს პოლიცია გზის სავალ ნაწილზე გადასვლის უფლებას არ აძლევდა. მათ დასაბნევად დემონსტრანტები ვიწრო ქუჩებში გადაადგილდებოდნენ.

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, არჩევნების შედეგების - რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს - წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.

პროკურატურა მათე დევიძეს სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავებოდა - მან სამივეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. პროკურატურის მტკიცებით, მათე დევიძე მელიქიშვილის გამზირზე მათ „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.

მათე დევიძეს 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პატიმრობა მიუსაჯა 4 წლითა და 6 თვის ვადით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG