დეპუტატებმა გამოთქვეს მოწოდება, მიღებულ იქნას უფრო ფართომასშტაბიანი ზომები ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ ნდობის აღსადგენად, რადგან სკანდალი ომის პერიოდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ კრიზისს იწვევს ქვეყანაში.
სახელმწიფო ბირთვულ სააგენტოში კონტრაქტების გაფორმებაზე კონტროლის მიზნით 100 მილიონი დოლარის მოცულობის სავარაუდო გარიგების გამოძიებამ, ომის მეოთხე ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ახალი აღშფოთება გამოიწვია გავრცელებული კორუფციის მიმართ, მათ შორის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს წრეში.
პარლამენტმა მხარი დაუჭირა იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს - რომელიც 2021 წლიდან მიმდინარე წლამდე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა - და მისი მემკვიდრის, ენერგეტიკის მინისტრის, სვიტლანა ჰრინჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლებას. ორივე მათგანი უარყოფს თავის დანაშაულს ამ საქმეში.
18 ნოემბერს სასამართლომ გასცა ყოფილი ვიცე-პრემიერის დაკავების განკარგულება, ამ საქმესთან დაკავშირებული ბრალდებებით.
მანამდე ხუთი ადამიანი დააკავეს, ასევე ბრალი წაუყენეს ორ ეჭვმიტანილს, რომლებიც კვლავ გარეთ არიან. მათ შორისაა თანამფლობელი კომპანიისა, რომელმაც შექმნა კომედიური სერიალი, რომლითაც ზელენსკიმ პოპულარობა მოიპოვა, როგორც ტელევარსკვლავმა, 2019 წელს პრეზიდენტად არჩევამდე.
ოპოზიციურმა ძალებმა მოითხოვეს უფრო მკაცრი რეაგირება კიევის პოლიტიკურ წრეებში მომხდარ სკანდალზე, მათ შორის მთელი მთავრობისა და ზელენსკის ადმინისტრაციის გავლენიანი უფროსის გადადგომა.
ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ ზოგიერთი წევრი გამოვიდა „ეროვნული მდგრადობის მთავრობისა“ და „მაქსიმალურად გამჭვირვალე“ საპრეზიდენტო ადმინისტრაციის შექმნის წინადადებით.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ანტიკორუფციულმა ორგანოებმა გააძლიერეს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რათა დაარწმუნონ დონორები და დაამტკიცონ, რომ კიევი მზადაა ევროკავშირის წევრობისთვის.
თუმცა ეს ნიშნავდა უკრაინაში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე მაღალი დონის თაღლითობის მტკივნეულ გამოაშკარავებას.
ზელენსკიმ დადო ენერგეტიკის სექტორის სრულად განახლების პირობა და სანქციები დაუწესა სკანდალის მთავარ ეჭვმიტანილს, ტიმურ მინდიჩს, თანამფლობელს საპროდიუსერო ტელეკომპანია „კვარტალ-95-ისა", საიდანაც დაიწყო ზელენსკის კარიერა.
ოფიციალური პირების თქმით, მინდიჩმა ქვეყანა დატოვა. მისი სტუდიის ცნობით, ის იქ გადაწყვეტილების მიმღებ როლს აღარ ასრულებს.
ფორუმი