დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 21 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, სინელნიკოვის რაიონში 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 დაიჭრა. დანგრეულია 3 კერძო სახლი და 2 დაზიანებულია.
რუსული დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ოდესაში ხანძრები გაჩნდა რამდენიმე სახლსა და ადმინისტრაციულ შენობაში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებია დაზიანებული ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქებშიც.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 115 უპილოტო საფრენი აპარატით. სარდლობის თანახმად, 09:00 საათის მდგომარეობით დადასტურებული იყო 95 რუსული დრონის ჩამოგდება და 19-ით პირდაპირი დარტყმა 12 ადგილზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, 20 ნოემბერს, გვიან საღამოს რუსეთის ჯარებმა მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს ქალაქ ზაპოროჟიეს, სადაც 5 ადამიანი დაიღუპა. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები, სუპერმარკეტი და ბაზარი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის ქალაქებზე მორიგი შეტევისა და სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
ფორუმი