გამოცემის ცნობით, ნატოელ მოკავშირეებს პარასკევს საღამოს კიევში გამართულ შეხვედრაზე ელაპარაკა აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი - მანამდე მან ზელენსკისთან გამართა შეხვედრა და თეთრი სახლიდან მიიღო სატელეფონო ზარი.
"სრულყოფილი შეთანხმება არ არსებობს, და ეს უნდა გაკეთდეს უფრო მალე, ვიდრე გვიან", - დრისკოლის ამ სიტყვებს გამოცემას შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი პირი ატყობინებს.
როგორც The Guardian-ი წერს, შეხვედრაზე განწყობა მძიმე იყო, ევროპის ქვეყნების რამდენიმე ელჩი კითხვებს უსვამდა შეთანხმების შინაარსსაც და მისი შემუშავების ფორმასაც - როცა აშშ-მა რუსეთთან გამართა მოლაპარაკება და ეს მოკავშირეებს არ შეატყობინა.
"ეს იყო კოშმარული შეხვედრა. კვლავ გამეორდა არგუმენტი 'კარტი არ გიჭირავთ'", - ეუბნება გამოცემას წყარო, რომელსაც მხედველობაში აქვს თებერვალში თეთრ სახლში გამართული შეხვედრა, როცა ეს ფრაზა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ზელენსკის უთხრა.
შემოთავაზებული შეთანხმება მოიცავს რამდენიმე პუნქტს, რომლებიც, დიდი ალბათობით, კიევისთვის მიუღებელი იქნება - მათ შორის გარკვეული ტერიტორიების დათმობას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ამნისტიას კონფლიქტისას ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის.
ზელენსკიმ პარასკევს თავისი ქვეყნის მოქალაქეებს ვიდეოჩანაწერით მიმართა და თქვა, რომ ახლა დგას "ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი" ქვეყნის ისტორიაში. ზელენსკის თქმით, უკრაინა არჩევანის წინაშეა - "ჩვენი ღირსების ან მნიშვნელოვანი მოკავშირის დაკარგვას" შორის.
დრისკოლმა - რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ახლო მეგობარია და ახლახან მიამაგრეს უკრაინის პორტფოლიოს - უარი თქვა დაეზუსტებინა განხილვის პროცესში მყოფი შეთანხმება ესადაგება თუ არა იმ 28-პუნქტიან გეგმას, რომელიც მედიაში გავრცელდა
როგორც იუწყებიან, გეგმა შემუშავდა ტრამპის თანაშემწის, სტივ უიტკოფის და კრემლის მრჩევლის, კირილ დიმიტრიევის მიერ.
The Guardian-ი წერს, რომ დრისკოლი ვიზიტით რუსეთშიც ჩავა.
ფორუმი