Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთმა ამ ქვეყანაში ისრაელის ელჩი გამოიძახა ჰოლოკოსტის შესახებ პოსტის გამო


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 24 ნოემბერს ისრაელის ელჩი გამოიძახა, ისრაელის ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის, “იად ვაშემის” მიერ სოცქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. პოსტში ნათქვამი იყო, რომ პოლონეთია პირველი ქვეყანა, სადაც ებრაელებს მეორე მსოფლიო ომის დროს გამორჩეული სიმბოლოს ტარება აიძულეს.

მუზეუმის მიერ 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში 1939 წლის ანტისემიტური ბრძანების წლისთავი აღინიშნა, თუმცა არ ყოფილა ნახსენები, რომ პოლონეთი იმ დროს ნაცისტური გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული. ამან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის, მძაფრი რეაქცია გამოიწვია.

პოლონეთის ხელისუფლების მკაცრი პროტესტის მიუხედავად, „შეცდომაში შემყვანი პუბლიკაცია არ შესწორებულა“, - აღნიშნა შიკორსკიმ X-ზე.

„გადავწყვიტე ისრაელის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოვიძახო“, - დაწერა მან ინგლისურად.

პოსტის ტექსტში არ წერია, რომ ებრაელებს დავითის ვარსკვლავის სიმბოლოს ტარება პოლონეთმა აიძულა, მაგრამ მემორიალური მუზეუმი ბევრმა გააკრიტიკა უზუსტობის გამო.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კი ივარაუდა, რომ ეს „შესაძლოა შეცდომა კი არა, განზრახ ქმედება იყო“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაცეი ვევიორმაც გამოთქვა შეშფოთება განზრახული ქმედების გამო, იმის გათვალისწინებით, რომ „იად ვაშემი” მალე გერმანიაში ფილიალის გახსნას გეგმავს“.

„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ამ ცრუ და ისტორიულად არაზუსტ ინფორმაციას ამასთან არაფერი აქვს საერთო“, - დასძინა მან და მიანიშნა, რომ “იად ვაშემი" ნაცისტური გერმანიის პასუხისმგებლობის დაკნინებას შეეცადა.

ასევე X-ზე, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში დაარსებული საკონცენტრაციო ბანაკის - ოსვენციმის მემორიალმა დაწერა, რომ „სწორედ გერმანიამ შემოიღო და აღასრულა ეს ანტისემიტური კანონი“. ოსვენციმის ბანაკში 1940-1945 წლებში მილიონი ევროპელი ებრაელი დაიღუპა.

კრიტიკის პასუხად, “იად ვაშემის" ხელმძღვანელმა, დანი დაიანმა, X-ზე დაწერა: „პოლონეთი მართლაც გერმანიის ოკუპაციის ქვეშ იყო". „ეს ნათლად აისახება ჩვენს მასალებში. ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია არასწორად განმარტავს ჩვენს ვალდებულებას სიზუსტის მიმართ“.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ტექსტში ნათქვამია, რომ „1939 წლის 23 ნოემბერს გენერალ-გუბერნატორმა ჰანს ფრანკმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, 10 წლის და უფროსი ასაკის ყველა ებრაელს უნდა ეტარებინა 10 სმ სიგანის თეთრი ქსოვილის სამკლავური, რომელზეც მარჯვენა ხელზე დავითის ლურჯი ვარსკვლავი იყო გამოსახული“.

„გენერალ-საგუბერნატორო” იყო ნაცისტური ადმინისტრაცია ოკუპირებულ პოლონეთში.

ფრანკს, რომელიც „პოლონეთის ჯალათად“ მოიხსენიება ხოლმე, ნიურნბერგის სასამართლო პროცესმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ის 1946 წელს ჩამოახრჩვეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG