რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ იასნისთან, სტრატეგიული სარაკეტო დანაყოფის ბაზასთან ახლოს გაისმა აფეთქების ხმა. ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა "ურალ56", ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით - იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური.
თვითმხილველები აქვეყნებენ ფოტოებს, რომლებზეც რაიონის თავზე ჩანს სქელი, იისფერი კვამლის სვეტი.
ArbatMedia ადგილობრივ მოქალაქეებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აფეთქების მიზეზი იყო ავარია რაკეტის გაშვებისას - ამ ვერსიით, რაკეტა ჰაერში განადგურდა.
ომის მსვლელობასთან დაახლოებული ტელეგრამის არხები იუწყებიან, რომ აფეთქება შესაძლოა გამოეწვია Sarmat-ის ტიპის რაკეტის ან ჰიპერბგერითი ბლოკით, "ავანგარდით", აღჭურვილი UR-100N-ის წარუმატებელ გაშვებას.
უკრაინის საბრძოლო გამოცემა Defense Express-ი აღნიშნავს, რომ კვამლის ეს ფერი ახასიათებს მხოლოდ ტოქსიკურ საწვავზე მომუშავე რაკეტებს.
რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ადგილობრივ მთავრობაში მხოლოდ ის განაცხადეს, რომ "მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება" და ევაკუაცია საჭირო არ არის.
ქალაქ იასნისთან ახლოს განთავსებულია კოსმოდრომი და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო დანაყოფის ბაზა, საიდანაც შესაძლებელია კონტინენტთაშორისი რაკეტების გაშვება, მათ შორის ატომური ქობინებით - წერს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური.
ფორუმი