კვირას დილას ტაძარში ლიტურგიას ესწრებოდნენ როგორც ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობის წევრები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, ასევე დაპატიმრებული ოპოზიციონერი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი, ნარეკ კარაპეტიანი.
წმინდა სარქისის ტაძრის მოძღვარია არქიეპისკოპოსი ნავასარდ ქჩოიანი, - ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც გარეგინ II-ს აკრიტიკებს და რომელმაც ამის გამო ფაშინიანის მადლიერება დაიმსახურა.
- ფაშინიანსა და ყოველთა სომეხთა პატრიარქ გარეგინ II-ს მწვავე დაპირისპირება აქვთ;
- გარეგინ II ფაშინიანის გადადგომას ითხოვდა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ფაშინიანი კი გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვს;
- ფაშინიანი აცხადებს, რომ ის შეუფერებელია ეკლესიის მეთაურობისათვის, რადგან უბიწოების აღქმა დარღვეული აქვს.
- მმართველი გუნდი მიანიშნებს სომხურ ეკლესიაში საბჭოთა დროიდან შემორჩენილ კავშირებზე რუსეთის სპეცსამსახურებთან.
გუშინ, 29 ნოემბერს, მღვდელმთავრების ჯგუფმა, რომელთა შორისაც ქჩოიანიც იყო, საჯარო მიმართვა გაავრცელა და მოუწოდა გარეგინ II-ს, ნებაყოფლობით დატოვოს პოსტი. მიმართვას ხელს აწერს 10 სასულიერო იერარქი. მათგან რვას ორი დღით ადრე ფაშინიანმა უმასპინძლა მთავრობის ადმინისტრაციაში.
ამდილანდელი ინციდენტიც ფაშინიანისა და კათალიკოსის დაპირისპირებას უკავშირდება.
კერძოდ, გარეგინ II-სთან დაპირისპირებულ რამდენიმე ტაძარში წინამძღვარი გამოტოვებს გარეგინ II-ის სახელის ხსენებას, - რასაც ეჯმიაწინი მკაცრად აკრიტიკებს, ანტიკანონიკურს უწოდებს და „სქიზმის შესაძლებლობაზე“ საუბრობს.
დღეს დილასაც წინამძღვარმა ახსენა მხოლოდ „ყოველთა სომეხთა პატრიარქი“ - გარეგინ II-ის ვინაობის დასახელების გარეშე.
როდესაც გარეგინ II-ის სახელი გამოტოვეს, დამსწრეთაგან ერთ-ერთმა რამდენჯერმე ხმამაღლა დაიძახა: „კათალიკოსი გარეგინ II“. ეს იყო ჰოვანეს იშხანიანი, ოპოზიციური მოძრაობა „სომხეთის რეფერენდუმის“ წევრი.
მან პროტესტი გააგრძელა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა პოლიციის მანქანაში ჩასვეს და სავარაუდოდ, განყოფილებაში გადაიყვანეს.
ფორუმი