გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია მოითხოვს, რომ რუსეთმა უზრუნველყოს იძულებით წაყვანილი ან დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივ, უსაფრთხოდ და უპირობოდ დაბრუნება.
გარდა ამისა, რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინელი ბავშვების იძულებით წაყვანის, დეპორტაციის, ოჯახებთან და კანონიერ მეურვეებთან განშორების, სტატუსის, მათ შორის მოქალაქეობის შეცვლის და გაშვილების შემდგომი პრაქტიკა და ბავშვების იდეოლოგიური დამუშავება.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია 91 ხმით მიიღო. მხარდამჭერებს შორისაა საქართველო.
რუსეთთან ერთად წინააღმდეგ იყო კიდევ 11 ქვეყანა: ბელარუსი, ბურკინა-ფასო, ბურუნდი, კუბა, ჩრდილოეთი კორეა, ერიტრეა, ირანი, მალი, ნიკარაგუა, ნიგერი და სუდანი.
ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 57-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, ინდოეთმა, შუა აზიის რესპუბლიკებმა და სომხეთმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 30-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმა და აზერბაიჯანმა.
უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით წაიყვანა სულ მცირე 20 ათასი ბავშვი, რომელთაგან მხოლოდ 1850-ის დაბრუნება მოხერხდა.
რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინელი ბავშვები მათი უსაფრთხოების მიზნით გაიყვანა.
3 დეკემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე გამოსვლისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარიანა ბეცამ განაცხადა, რომ რეზოლუცია ეხება არა პოლიტიკას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის ჰუმანურობასა და მორალურ ვალდებულებას. დიპლომატის თქმით, რუსეთი უკრაინელ ბავშვებს არა მხოლოდ ხოცავს და ასახიჩრებს, არამედ მათი იდენტობის წაშლასაც ცდილობს და თავს ახვევს მტრულ პროპაგანდას.
3 დეკემბერს, რეზოლუციის პროექტის კენჭისყრის წინ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მარია ზაბოლოცკაიამ კვლავ უარყო უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაცია და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები დოკუმენტურად გამყარებული არ არის.
გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბავშვების დეპორტაციას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა უწოდა. ბერბოკის განცხადებით, გენერალური ასამბლეის მე-11 სპეციალური სესია გადაწყვეტილებას იღებს, რათა დაიცვას საერთაშორისო წესრიგი და უკრაინელი ხალხი.
რეზოლუციის პროექტი ბავშვების დაბრუნების შესახებ უკრაინამ ნოემბრის ბოლოს წარადგინა 30-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერით.
- 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
- სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
ფორუმი