Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექსსკანდალში ფიგურირებდა


არშაკ ხაჩატურიანი, რომლის გვარიც სექსსკანდალთან დაკავშირებით გაჟღერდა, აქტივისტისთვის ნარკოტიკების ჩადების ბრალდებით დააკავეს.
არშაკ ხაჩატურიანი, რომლის გვარიც სექსსკანდალთან დაკავშირებით გაჟღერდა, აქტივისტისთვის ნარკოტიკების ჩადების ბრალდებით დააკავეს.

სომხეთში „ნარკოდანაშაულთან“ დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს სომხური სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსი არშაკ ხაჩატურიანი, - სასულიერო იერარქი, რომელიც, სავარაუდოდ, ფიგურირებს სომხეთის ეკლესიასთან დაკავშირებულ სექსსკანდალში.

არქიეპისკოპოსი არშაკ ხაჩატურიანი, რომელიც ეჯმიაწინის კანცელარიის ხელმძღვანელია, ხუთშაბათს, 4 დეკემბერს, დააკავეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ის დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების „უკანონო გასაღების“ ბრალდებით.

მისი ადვოკატი არსებ ბაბაიანი განმარტავს, რომ ხაჩატურიანს ედავებიან, რომ დისკრედიტაციის მიზნით, 2018 წელს ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდო“ აქტივისტს, რომელიც ყოველთა სომეხთა პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ გამოდიოდა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადვოკატი ბრალდებას „აბსურდულს“ უწოდებს: „ამაზე აბსურდული რამე არასოდეს გამიგია“, - ამბობს ის.

ადვოკატ ბაბაიანის შეფასებითვე, ეს „პოლიტიკური“ ბრალდება მიმართულია ხაჩატურიანის დისკრედიტაციისკენ და არის ნაწილი ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის უფრო ფართო „კამპანიისა ეკლესიის წინამძღოლის წინააღმდეგ“.

მღვდელმთავრისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს მოსამართლე მაზის მელკონიანი, - იგივე მოსამართლე, რომელმაც წელს ორი არქიეპისკოპოსის, ბაგრატ გალსტანიანისა და მიქაელ აჯაპაჰიანისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.

  • 2025 წლის ოქტომბერში სომხურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც, სომხური მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სწორედ არშაკ ხაჩატურიანი ჩანს;
  • ოქტომბრის ბოლოს, კადრების გავრცელების შემდეგ, გამოძიება დაიწყო „პირადი ცხოვრების ხელყოფის“ მუხლით;
  • ხაჩატურიანი, - რომელიც ფაშინიანის ხმამაღალი მოწინააღმდეგეა, - ცნობებს კადრებში მისი სავარაუდო იდენტიფიცირების შესახებ, უწოდებს „უღირს ცილისწამებას“;
  • ოპოზიციაში მომხდარი შეაფასეს, როგორც უხეში ჩარევა პირად ცხოვრებაში, საშიში პრეცედენტი და როგორც დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც პოლიტიკურად არის მოტივირებული;
  • ეს ყველაფერი ხდება სომხეთის მთავრობასა და ეკლესიას შორის გამწვავებული დაპირისპირების ფონზე;
  • მმართველი გუნდი მიანიშნებს სომხურ ეკლესიაში საბჭოთა დროიდან შემორჩენილ კავშირებზე რუსეთის სპეცსამსახურებთან;
  • პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ეკლესიის არაერთი მაღალი იერარქი, მათ შორის კათალიკოსი გარეგინ II, შეუფერებელნი არიან ამ პოზიციებისათვის, რადგან უბიწოების აღთქმა დარღვეული აქვთ.

ხაჩატურიანი გარეგინ II-ის მხარდამჭერი უკვე მეოთხე მღვდელმთავარია, რომელიც ხელისუფლებამ დააპატიმრა. დაპატიმრებული არიან:

  1. ბაგრატ გალსტანიანი (სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით);
  2. მიქაელ აჯაპაჰიანი (სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების ბრალდებით);
  3. ეპისკოპოსი მკრტიჩ პროშიანი, - გარეგინ II-ის ძმისშვილი (მისადმი დაქვემდებარებული პირებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის ბრალდებით).

გასულ შაბათს, 29 ნოემბერს, მღვდელმთავრების ჯგუფმა საჯარო მიმართვა გაავრცელა, სექსსკანდალის „დაფარვაში“ დაადანაშაულა გარეგინ II და მოუწოდა მას, ნებაყოფლობით დატოვოს პოსტი. მიმართვას ხელს აწერს 10 სასულიერო იერარქი. მათგან რვას ორი დღით ადრე ფაშინიანმა უმასპინძლა მთავრობის ადმინისტრაციაში.

ეკლესიაში 55 ეპისკოპოსი და არქიეპისკოპოსია. გუშინ 27-მა მათგანმა გაავრცელა საჯარო განცხადება და გარეგინ II-ს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG