Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადეს პუტინის ოპონენტების გაერთიანება


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია პონომარიოვი 2016 წელს საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია პონომარიოვი 2016 წელს საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის სარჩელი და „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა „სახალხო დეპუტატების ყრილობა“, რომელიც 2022 წელს პოლონეთში დაფუძნდა რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის, ილია პონომარიოვის ინიციატივით.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 8 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ ამ „ტერორისტული ორგანიზაციის“ საქმიანობა აიკრძალა.

ილია პონომარიოვი 2007-2016 წლებში იყო რუსეთის მეხუთე და მეექვსე მოწვევის დუმის დეპუტატი და ფრაქცია „სამართლიანი რუსეთის“ წევრი. 2014 წლის მარტში პონომარიოვი იყო დუმის ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ყირიმის ანექსიას. იმავე წლის ზაფხულში ილია პონომარიოვი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 2015 წელს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პონომარიოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ერთ-ერთი ფონდის თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მას დუმამ ჯერ დეპუტატის იმუნიტეტი ჩამოართვა, 2016 წელს კი ვადაზე ადრე შეუწყვიტა.

2016 წელს ილია პონომარიოვი უკრაინაში გადასახლდა და 2019 წელს ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.

ილია პონომარიოვის ინიციატივით 2022 წლის ნოემბერში პოლონეთში გაიმართა „სახალხო დეპუტატების ყრილობის“ პირველი შეკრება, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთიდან წასული ყოფილი დეპუტატები, მათ შორის გენადი გუდკოვი და მარკ ფეიგინი. ყრილობამ მიიღი დეკლარაცია, რომლითაც ვლადიმირ პუტინი უზურპატორად გამოცხადდა.

რუსეთის მთავრობამ „სახალხო დეპუტატების ყრილობა“ ჯერ „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიტანა, თავად პონომარიოვი კი თავდაპირველად „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა, შემდეგ კი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში“ შეიყვანა.

2024 წელს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დაადასტურა ილია პონომარიოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ოთხი საქმის აღძვრა, მათ შორის სახელმწიფო ღალატის მუხლით. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალად დასდეს უკრაინის მხარდასაჭერად მებრძოლი ლეგიონის, „რუსეთის თავისუფლების“ საქმიანობაში მონაწილეობა.

„სახალხო დეპუტატების ყრილობის“ შექმნის გამო 2025 წლის თებერვალში პონომარიოვს სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს „ხელისუფლების ძალადობრივი მიტაცებისა“ და „ტერორისტული თანამეგობრობის ორგანიზების“ ბრალდებებით.

ილია პონომარიოვს რუსეთში დაუსწრებლად უკვე მისჯილი აქვს 10-წლიანი პატიმრობა რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელების ბრალდებით.



ფორუმი

XS
SM
MD
LG