Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება მაგისტრატურაზეც, დოქტორანტურის მსურველები მეორე წელს დაამატებენ


ბაკალავრიატი ძირითადი პროფესიებისათვის 4-წლიანის ნაცვლად 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა - 2-წლიანის ნაცვლად 1-წლიანი.
ფოტოზე: თსუ
ბაკალავრიატი ძირითადი პროფესიებისათვის 4-წლიანის ნაცვლად 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა - 2-წლიანის ნაცვლად 1-წლიანი. ფოტოზე: თსუ

პარლამენტის განათლების კომიტეტში განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებების თანახმად, 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება ყველა ჩარიცხულისთვის როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის დონეებზე.

განათლების მინისტრის მოადგილემ „ქართული ოცნების“ მთავრობაში, ზვიად გაბისონიამ დღეს, 9 დეკემბერს სადავო პარლამენტის განათლების კომიტეტს წარუდგინა დაგეგმილი ცვლილებები.

„უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლას ვხდით სრულიად უფასოს. ეს გულისხმობს სრული დაფინანსების მოდელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში“, - თქვა მან.

მთავარ ცვლილებებს შორის პირველად დაასახელა „უფასო სწავლება“ - სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სრულიად უფასო ხდება, „როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეებზე“.

დააზუსტა, რომ იმ სტუდენტებს, ვისაც უკვე აქვს დაფინანსება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სწავლის დასრულებამდე ეს დაფინანსება შეუნარჩუნდებათ.

„მთავარი პრინციპი, რაც მნიშვნელოვანია, არის 4+2 მოდელიდან გადასვლა 3+1 მოდელზე“, - თქვა მან.

ეს ნიშნავს, რომ ბაკალავრიატი ძირითადი პროფესიებისათვის 4-წლიანის ნაცვლად 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა - 2-წლიანის ნაცვლად 1-წლიანი.

გაბისონიამ ასევე განმარტა, რომ მათ, ვისაც აქვს სურვილი, გადავიდეს მესამე საგანმანათლებლო საფეხურზე - დოქტორანტურაზე, მაგისტრატურაზე მეორე წლის დამატებაც შეეძლებათ:

„ბოლონიის პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შეეძლებათ დაიმატონ კიდევ ერთი წელი, შეკრან 300 [ECTS] კრედიტი, რაც საფუძველს შეუქმნით, რომ სადოქტორო პროგრამაზე სწავლა განაგრძონ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ“, - თქვა მან.

მმართველი გუნდი უმაღლესი განათლების სფეროში ცვლილებებს იწყებს.

  • საუნივერსიტეტო განათლების რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.
  • იგი მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას.
  • ექსპერტები რეფორმას აკრიტიკებენ, როგორც ევროპული საგანმანათლებლო სისტემისგან იზოლაციისა და აკადემიური თავისუფლების ხელყოფის საფრთხეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG