Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი ბიუჯეტის 21%-ს დახარჯავს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე - პრემიერი ასადოვი


2026 წლის ბიუჯეტის პროექტით, მთლიანი ბიუჯეტის 8.4% - 3.5 მილიარდი მანათი - მიმართულია „გათავისუფლებული ტერიტორიების აღსადგენად“.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტით, მთლიანი ბიუჯეტის 8.4% - 3.5 მილიარდი მანათი - მიმართულია „გათავისუფლებული ტერიტორიების აღსადგენად“.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა გეგმავს, მომდევნო წელს ბიუჯეტის 21% დახარჯოს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე.

„მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯების 21 პროცენტი თავდაცვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე იქნება მიმართული“, - განაცხადა მან 9 დეკემბერს მილი მეჯლისში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

ეს თანხა მიაღწევს 8.7 მილიარდ აზერბაიჯანულ მანათს - 5.1 მილიარდ აშშ დოლარს.

„აზერბაიჯანის სამხედრო ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება. დღეს აზერბაიჯანი სამხედრო პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს არაერთ ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შვედეთის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, 2024 წელს აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4.99%-ს შეადგენდა; 2025 წელს, აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედიის ცნობით, 5.2%-ს.

აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტითვე, მშპ-მა უნდა შეადგინოს 134.1 მილიარდი მანათი, ანუ 78.9 მილიარდი აშშ დოლარი.

შესაბამისად, თავდაცვის ბიუჯეტი იქნება მშპ-ის 6.5%-მდე.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტით, მთლიანი ბიუჯეტის 8.4% - 3.5 მილიარდი მანათი - მიმართულია „გათავისუფლებული ტერიტორიების აღსადგენად“.

  • აზერბაიჯანი ბოლო ათი წელია, სამხედრო დანახარჯების წილს სტაბილურად ზრდის. მათ შორის, სამხედრო დანახარჯები გაიზარდა 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომისა და შემდგომში განვითარებული მოვლენების ფონზე.
  • აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო ხელშეკრულებასთან ახლოს არიან, მათ შორის დონალდ ტრამპის მედიაციით; თუმცა სომხეთის ოპოზიცია შეშფოთებულია ალიევის სხვადასხვა მოთხოვნის გამო და მიიჩნევენ, რომ ალიევის მიზანია „სომხეთის, როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს არსებობის დასრულება“.
  • 2025 წლის ზაფხულში აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა აზერბაიჯანული კომპანიის რუსეთის ტერიტორიაზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, რაზეც ალიევმა პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
  • ამ პერიოდში რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტები და პოლიტიკოსები მუქარით საუბრობდნენ აზერბაიჯანის შესახებ.
  • 2025 წლის შემოდგომაზე - მას შემდეგ, რაც ილჰამ ალიევმა ვლადიმირ პუტინისგან მიიღო ბოდიში, რასაც თვეების განმავლობაში ითხოვდა, - დაძაბულობა განიმუხტა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG