Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩერგოლეიშვილმა ბაია პატარაიას ცილისწამების საქმე მოუგო


ფოტოკოლაჟი: თამარ ჩერგოლეიშვილი (მარცხნივ) და ბაია პატარაია
ფოტოკოლაჟი: თამარ ჩერგოლეიშვილი (მარცხნივ) და ბაია პატარაია

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელ ბაია პატარაიას ცილისწამების საქმე მოუგო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ესებუამ დღეს, 10 დეკემბერს, გამოაცხადა.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ სამართლებრივი დავა დაიწყო საჯაროდ გავრცელებული განცხადებების გამო:

  • „მიშას კრიტიკის გამო „ტაბულადან“ ბლოგერებს ყრიდნენ“;
  • „იძულების წესით „სილქნეტს“ შეტენილი ჰქონდა მისი ჟურნალების დარიგება/გაყიდვა“;
  • „მომხმარებელი, რომელსაც არ უნდოდა „ტაბულა“ და უნდოდა SilkTV ვერ აცალკევებდა ამ ორს“;
  • „სამინისტროები ვალდებულები იყვნენ ეყიდათ „ტაბულას“ დიდი რაოდენობით ჟურნალი, მიუხედავად იმისა რომ თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინტერესი“;
  • „კეზერას [დავით კეზერაშვილის], ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს“;
  • „ასევე ბევრი ირწმუნებს, რომ ბიძინასგან [ივანიშვილი] აღებული ფულის გამო დაშალა [გიგა] ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობა პირველად. ოღონდ, იდეურ განხეთქილებად გაასაღა ეს თავისსავე პარტიაში“.

სასამართლომ მხოლოდ ის განცხადება არ მიიჩნია ცილისწამებად, რომელშიც ნახსენები იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. ჩერგოლეიშვილი გეგმავს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს ბაია პატარაიაც.

ცილისწამების საქმეზე სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის 25 აპრილს შევიდა - ამ დროს მოქმედი კანონით, მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე იყო. ეს კანონი სადავო პარლამენტმა 28 ივნისს შეცვალა.

სასამართლო დავის დაწყებამდე ჩერგოლეიშვილმა პატარაიას შესთავაზა, მცდარი ინფორმაციის გავრცელება ეღიარებინა, ის კი უარს იტყოდა სასამართლო დავაზე. შეთანხმება არ შედგა.

თამარ ჩერგოლეიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლო განხილვების დროს სიმართლის დასამტკიცებლად მიიყვანა მოწმეები და წარადგინა მტკიცებულებები, მათ შორის საბანკო გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები.

„საზოგადოებაში, სადაც ცილისწამება, როგორც კონკურენტებთან პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, მიღებულია, იმ საზოგადოების ცხოვრების ხარისხი არის ძალიან დაბალი. იმიტომ რომ, როდესაც პოლიტიკა ცილისწამებაზე დგას, შარლატანებს იზიდავს - საფუძვლიანი კრიტიკა ეზარებათ და ცილისწამებით ცდილობენ ფონს გასვლას...

ჩვენ ვართ რუსულ რეჟიმთან ფასეულობით ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ის ფლანგი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება, იყოს კრისტალიზებული ღირებულებით საკითხში“, - უთხრა თამარ ჩერგოლეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მისი თქმით, მტკიცებულებების წარდგენის შემდეგაც მზად იყო, ცილისწამების აღიარების სანაცვლოდ პატარაიასთან სასამართლო დავა შეეწყვიტა:

„კონტრაქტები რომ ნახა, სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მტკიცებით ფორმაში არ უთქვამს და ეს მისი მოსაზრება იყო... მას, რეალურად, ჰქონდა ჩემთვის ზიანის მოყენების მიზანი. ამისთვის მოიფიქრა ტყუილები, ამის უკან წაღება არ უნდა და ურჩევნია იძახოს „მურუსიძის სასამართლო“.

ბაია პატარაიას შეფასებით, სასამართლომ ანტიკონსტიტუციური და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

„ქვეყანას, სადაც უფლებადამცველებს უფლება ერთმევათ პოლიტიკური შეფასება მისცენ პოლიტიკოსის წარსულს, ნათელი მომავალი არ აქვს“, - დაწერა მან Facebook-ში.

ფოტო ბაია პატარაიას Facebook-გვერდიდან
ფოტო ბაია პატარაიას Facebook-გვერდიდან

რადიო თავისუფლებამ მასთან დაკავშირება სცადა - კომენტარის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG