Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსში გამოჰკითხეს "ისრაელის სახლის" დამფუძნებელი იციკ მოშე


საილუსტრაციო ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა
საილუსტრაციო ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყებაში დაიბარეს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი, "ისრაელის სახლის" დამფუძნებელი იციკ მოშე.

მისი დაბარება უკავშირდებოდა მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც სუსი "დეზინფორმაციად" აფასებს. კერძოდ, ისრაელის მედიის ცნობით, ქნესეთის წევრები იძულებულნი გახდნენ, ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, შაბათ-კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინათ.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა. ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.

კითხვაზე, რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, "იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ საფრთხე რეალური იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს".

ისრაელის "მეშვიდე არხის“ ცნობით, ისრაელის პარლამენტის წევრები გააფრთხილეს „შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, კონფერენციის მონაწილეების წინააღმდეგ მზადდებოდა“.

დეპუტატებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ თბილისში „ისრაელის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმში.

ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, "ისრაელის სახლის" დამფუძნებელმა იციკ მოშემ დაუდასტურა.

ამასთან, მისივე თქმით, "ისრაელის კვირეული" თბილისში მაინც ჩატარდება, ქნესეთის წევრები ბიზნესფორუმში, სავარაუდოდ, დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას.

რადიო თავისუფლება სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში გამოკითვის შემდეგ იციკ მოშეს ესაუბრა.

რ.თ - რა ინფორმაცია მიაწოდეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს?

იციკ მოშე: ჩვენ ვაკეთებთ კეთილ საქმეს ორივე ქვეყნისთვის და მზად ვართ გადავცეთ ინფორმაცია ყველა ორგანოს, ისრაელსა და საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვინაიდან სამიტის წინ იყო მცდელობა ტერაქტის, და იყო თანამშრომლობა, ამის შემდეგ ვართ კავშირში, ვინაიდან საქართველოს მხარემ გადამარჩინა წესით და პირიქით, ისრაელის მხარეც იყო ძალიან კმაყოფილი, რომ საქართველომ იმუშავა პროფესიონალურ დონეზე. და დღეს ეს აჟიოტაჟი რომ ატყდა, ჩვენ მოვყევით, როგორი ფორუმი არის, რა ხდება ისრაელის ბიზნესკვირეულში, რა შინაარსი არის, ვინ ჩამოდის? ჩამოდის 100-მდე ადამიანი და ამ ასში არ ჩამოდის ორი ადამიანი (დეპუტატი), რომელიც ყოველ წელს ისრაელის პარლამენტიდან, ქნესეთიდან ჩამოდიან ჩვენთან ბიზნესფორუმზე და ისრაელის კვირეულზე.

დღეს ისრაელის ქნესეთის ეთიკის იურიდიული განყოფილების შედეგად [მათ] უთხრეს, რომ არ არის სასურველი საქართველოში წასვლა ამ პერიოდში. დანარჩენი ინფორმაცია უნდა გაირკვეს ორივე ქვეყნის ოფიციალური პირებისგან, ერთმანეთში შეათანხმონ, გაიგონ, რა არის მიზეზი, რა ხდება.

ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ადრეც, ვიცოდით, შემდეგ ისრაელის პრესამ გაავრცელა და ახლა ამის შემდეგ საქართველოში მოხდა ამ ინფორმაციის გავრცელება და ა.შ.

ზოგადად ისრაელის კვირეულში ისრაელის პარლამენტარების ჩამოსვლა და არც ქართველი პარლამენტარების მოსვლა, ეს არ არის ასეთი ცენტრი, ურთიერთობა ხდება ეკონომიკაში, ბიზნესში, ტურიზმი, კულტურაში.

წინასწარ პირადად მიაწოდეთ ვინმეს ინფორმაცია?

საქართველოში ინფორმაცია გავრცელდა - ისრაელის პრესამ დაწერა. ეს ინფორმაცია გადაითარგმნა საქართველოში და გავრცელდა. მე პრესაზე ადრე ვიცოდი, რომ ეთიკის სამსახურმა რეკომენდაცია მისცა [ორ დეპუტატს], რომ არ წამოსულიყვნენ საქართველოში, ჩვენთვის ამას არანაირი დიდი ფაქტორი და დიდი მნიშვნელობაც არ აქვს. ზოგადად, მსოფლიოში ტერორი ებრაელებს და ისრაელის ორგანიზაციებს ებრძვის, ეს ახალი არ არის, თითქმის 2 წელიწადი გრძელდება საშინელი ომი ისრაელის და ისრაელელების წინააღმდეგ მსოფლიოში. საქართველო ბევრად მშვიდი ქვეყანაა, ვიდრე სხვა ქვეყნები, სადაც ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი სახლი მუშაობს 27 ქვეყანაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ .... არ უთხარით ვინმეს ასეთი საფრთხე რომ იყო?

როცა ისრაელის პრესამ ეს გაავრცელა, მე იმისათვის, რომ ინფორმაცია მიმეცა ჩვენი მონაწილეებისთვის იქვე გამოვაქვეყნე, ვუთხარი, რომ ასეთი რამე იწერება, ისრაელელები საკმაოდ ინფორმირებულები არიან რა ხდება ყველა ქვეყანაში, არცერთმა მონაწილემ არ გააუქმა ჩამოსვლა საქართველოში. თუ ქნესეთის იურიდიულმა განყოფილებამ, ეთიკის განყოფილებამ, რაღაც ურჩია დეპუტატებს, მე არ ვიცი ამის მიღმა რა არის კიდევ მოტივაცია, რა ინფორმაცია აქვთ, ეს მხარეებმა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ.

კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდათ თუ ზოგად საფრთხეზე იყო საუბარი, რომელიც შესაძლოა სხვა ქვეყნებშიც იყოს?

მე ვინაიდან არ ვარ პრემიერ-მინისტრი ან მინისტრის, მე ასეთ ინფორმაციას ალბათ, არც მეტყვიან, რის გამო და რა ინფორმაციის გამო აძლევს ეთიკის სამსახური ქნესეთში ასეთ რეკომენდაციას. მე მხოლოდ მივიღე ინფორმაცია, რომ მაგათი გადაწყვეტილების შედეგად დეპუტატები ვერ ჩამოდიან. ჩემთვის ეს კატასტროფა არ იყო.

მასალა განახლდა იციკ მოშესთან კომენტარით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG