12 დეკემბერს, საღამოს 6 საათისთვის, რუსთაველზე, მეცნიერებათა აკადემიის სიახლოვეს დააკავეს სტუდენტი ნენე გაბლაია - დაკავების კადრებში ჩანს, რომ, სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის ხუთზე მეტი თანამშრომელი მას პატრულის მანქანაში სვამს. მისი თანმხლები პირების განმარტებით, დაკავებისას არ განუმარტავთ დაკავების მიზეზი.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს დაკავების მიზეზების დადგენას - პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
ვრცელდება ასევე ცნობა საპროტესტო მოძრაობაში ჩართული ორი ადამიანის, აჩი გოჩიტაშვილისა და ნოდარ ჩაჩანიძის გაუჩინარების შესახებ - მათი მეგობრები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა ისინიც დაკავებული იყვნენ.
12 დეკემბრიდან ძალაში შევიდა გამკაცრებული კანონი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას - პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებული ცვლილებებით სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, - წერია ახალ კანონში.
თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.
- საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ - მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
- მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
ფორუმი