Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპული აქციის მონაწილეები შეუერთდნენ გლობალურ აქციას STOP HUMAN SAFARI/SAVE KHERSON


გლობალური აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, 14 დეკემბერი, 2025 წელი
გლობალური აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, 14 დეკემბერი, 2025 წელი

პროევროპული აქციის მონაწილეები, რომლებიც წელიწადზე მეტია რუსთაველის გამზირზე, ყოველდღე მართავენ საპროტესტო აქციებს, 14 დეკემბერს შეუერთდნენ გლობალურ აქციას STOP HUMAN SAFARI / SAVE KHERSON.

კოორდინირებული აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ომის ახალ დანაშაულებს - რუსეთის მიერ მცირე კომერციული დრონების გამოყენებას უკრაინაში „მშვიდობიან მოსახლეობაზე სანადიროდ“.

გლობალური აქციის პორტალის თანახმად, ეს ტაქტიკა, რომელიც დოკუმენტირებულია გაეროს და Human Rights Watch-ის მიერ, წარმოადგენს „სამოქალაქო ტიპის დრონების პირველ დადასტურებულ გამოყენებას ახლო მანძილიდან თვალთვალისთვის და ადამიანთა მოსაკლავად“:

„გაერომ დაადასტურა, რომ რუსეთის დრონების კამპანია წარმოადგენს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ეს თავდასხმები ხელყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გლობალურ ნორმებს.

რუსული და არაიდენტიფიცირებული დრონების მიერ გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები ხაზს უსვამს გლობალური ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

გლობალური აქციის მონაწილეები მოითხოვენ:

  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთმა მშვიდობიან მოსახლეობაზე დრონებით თავდასხმა;
  • პასუხისმგებელი პირები წარდგნენ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე;
  • გაერომ და საერთაშორისო საზოგადოებამ გააძლიეროს სამართლებრივი ჩარჩოები მშვიდობიან მოსახლეობაზე დრონებით თავდასხმების თავიდან ასაცილებლად.


გლობალურ აქციას 13-14 დეკემბერს 20 ქვეყნის 40-ზე მეტ ქალაქში მცხოვრები ადამიანები შეუერთდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG