ავსტრალიის პოლიციის მიერ დღეს, 15 დეკემბერს განახლებული ინფორმაციით, 15 ადამიანი დაიღუპა სიდნეის სანაპირო ბონდიზე (ბონდი-ბიჩი) 14 დეკემბერს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. მანამდე დადასტურებული იყო, რომ თავდამსხმელებმა 11 ადამიანი მოკლეს.
საპასუხო სროლით მოკლულია ერთი თავდამსხმელი, ერთი კი დაჭრილია.
კლინიკებში იმყოფება 40 ადამიანი.
ბონდი-ბიჩის იმ ნაწილში, სადაც თავდასხმა მოხდა, ებრაული თემი ხანუქის დღესასწაულს აღნიშნავდა.
პოლიციის ინფორმაციით, ხალხს ცეცხლი გაუხსნეს 50 წლის კაცმა და მისმა 24 წლის ვაჟმა. მათი ვინაობა პოლიციას საჯაროდ არ დაუსახელებია.
ტელეკომპანია ABC პოლიციაში თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“.
50 წლის თავდამსხმელი პოლიციამ საპასუხო სროლით მოკლა, მისი 24 წლის შვილი კი განაიარაღა ადგილობრივმა მცხოვრებმა, 43 წლის აჰმედ ალ-აჰმედმა. ის თავადაც მხარშია დაჭრილი და კლინიკაში იმყოფება.
ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატის პრემიერ-მინისტრმა კრის მინსმა აჰმედს უწოდა ნამდვილი გმირი, რომლის წყალობითაც ბევრი ადამიანი გადარჩა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორი შვილის მამა, მუსლიმი აჰმედ ალ-აჰმედი, რომელსაც სიდნეიში მაღაზია აქვს, ავსტრალიაში სირიიდან გადასახლდა ათ წელზე მეტი ხნის წინ.
განიარაღებული თავდამსხმელი გაქცევისას სამართალდამცავებმა დაჭრეს. ის საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ბონდი-ბიჩის პარკში ხანუქის აღსანიშნავად ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. პოლიციამ თავდასხმა შეაფასა ებრაული თემის წინააღმდეგ მიმართულ ტერაქტად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლთა ასაკი 10-დან 87 წლამდეა. კლინიკებში მყოფ დაჭრილებს შორის ორი პოლიციელია. მათი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.
დღეს, 15 დეკემბერს სიდნეის ბონდი-ბიჩზე იმყოფებოდა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე, რომელმაც ტრაგედიის ადგილზე ყვავილები მიიტანა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ალბანეზეს განცხადებით, ის, რაც გუშინ მოხდა, იყო ბოროტება და ანტისემიტიზმისა და ტერორიზმის აქტი.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური დეტალურად იძიებენ თავდამსხმელთა მოტივებს.
ფორუმი