Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფაქტობრივი ჩიხი“ - დანიის ევროპის მინისტრი ჩამოთვლის, რა არის საჭირო საქართველოს „ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად“


დანიის ევროპის მინისტრი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასახელებს, რა არის საჭირო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად.
დანიის ევროპის მინისტრი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასახელებს, რა არის საჭირო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად.

დანიის ევროპის საკითხების მინისტრმა მარი ბიერმა ევროპარლამენტში საქართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლების მოქმედებების შედეგად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „ფაქტობრივად ჩიხში შევიდა“, თუმცა კარი ღიაა, თუკი ხელისუფლება აჩვენებს, რომ მართლა სურს წევრობა.

მარი ბიერმა გახსნა დღეს, 17 დეკემბერს, დებატები ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე (დებატები არაერთ საერთაშორისო საკითხზე გაიმართა). მან განაცხადა, რომ ქართველი ხალხის გზავნილი და ევროპაში კუთვნილების სურვილი „თანმიმდევრული და გაბედულია“.

„პოლიტიკური ზეწოლის, შეზღუდული დაშინებისა და საზოგადოებრივი სივრცის შევიწროების მცდელობების მიუხედავად, ბევრმა მათგანმა შესანიშნავი გამძლეობა გამოიჩინა. ევროკავშირმა, მათ შორის ამ პარლამენტმა, რამდენჯერმე გამოთქვა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუქცევის გამო“, - განაცხადა მან.

„ჩვენი შეშფოთების საფუძველია კანონის უზენაესობის გაუარესება, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა და 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების ჩატარების გარემოებები. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული განზრახ დეზინფორმაციითა და ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივით“, - თქვა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, საქართველო შორდება პარლამენტებს შორის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს „იმ დროს, როდესაც დიალოგი ყველაზე მეტად არის საჭირო“.

„საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაში. საბჭოში გამართული დისკუსიები ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ“, - თქვა მარი ბიერმა.

„სამწუხაროდ, საქართველო აშკარად უკან იხევს იმ ცხრა მიმართულებით, რისი შესრულების დათქმითაც მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. ეს ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ აჩვენებს მტკიცე ვალდებულებას, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას“, - განაცხადა დანიის ევროპის საკითხების მინისტრმა.

მისი განმარტებით, ამისათვის საჭიროა „ყველა თვითნებურად დაკავებული პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და აქტივისტის გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება, დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმების მიღება ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიული ნარატივის შეჩერება“.

„თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება. ჩვენ არ გამოგვაქვს განაჩენი. ჩვენ ვთავაზობთ გზამკვლევს ევროპული მომავლისთვის, რომელიც შეესაბამება ქართველთა უმრავლესობის სურვილს. პროტესტის ერთი წლის თავზე, მოდით, პატივი მივაგოთ ათასობით ქართველს, სტუდენტს, ჟურნალისტს, აქტივისტს და რიგით მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიანად იბრძვიან დემოკრატიისთვის. მათ პასუხად მიიღეს ძალადობა, დაშინება და უსამართლო დაკავებები. მაგრამ ისინი არ დანებებულან. მათი გამბედაობა შეხსენებაა იმისა, რომ ევროპული ღირებულებები საქართველოში ცოცხალია“.

დებატებს წინ უძღოდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის (დანიის) მიერ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული დასკვნების (მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით) გამოქვეყნება. დოკუმენტს აქვს 27 წევრი ქვეყნიდან 26-ის მხარდაჭერა. დასკვნებს უნგრეთი შეეწინააღმდეგა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG