Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა უკრაინას დრონებით დაარტყეს


ოდესის ოლქზე მასირებული შეტევა იყო 13 დეკემბერსაც
ოდესის ოლქზე მასირებული შეტევა იყო 13 დეკემბერსაც

რუსეთის ჯარებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასირებული შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. მოქალაქეების გამაფრთხილებელი საჰაერო განგაში გასულ ღამით გამოცხადდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველადი შედეგების გამოქვეყნება შუაღამის შემდეგ დაიწყო.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოდესის რაიონში შვიდი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია 9-სართულიანი სახლი და სასწავლო დაწესებულება.

დრონებით შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში. ამის შესახებ სოციალური ქსელებით იუწყება ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ოლექსანდრ ვილკული. მისი ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი დაშავდა ქალაქ სუმის კოვპაკოვსკის რაიონში, სადაც დაზიანებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები. ქალაქ ჩერკასში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ იუწყება ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.

განახლება: ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე დილის ცხრა საათისთვის განახლებული ინფორმაციით, ქალაქ ჩერკასში ექვსი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია სულ მცირე 15 კერძო სახლი და სპორტული კომპლექსი.

სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმა იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზეც. ჩერკასის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG