სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ტყუილია, თითქოს პოლიტიკოს ზურა ჯაფარიძეს საპატიმროს დატოვების სავარაუდო დროზე წინასწარ აცნობეს, შემდეგ კი იმაზე ადრე გაუშვეს, ვიდრე შეატყობინეს.
შედეგად, ზურა ჯაფარიძის ციხიდან გამოსვლის ამსახველი კადრები არ არსებობს და ვერც ოჯახის წევრებმა ვერ მოასწრეს რუსთავში ჩასვლა.
ზურა ჯაფარიძის გათავისუფლებას ოჯახის წევრები და მეგობრები დილის 10:00 საათისთვის ელოდნენ და მის დასახვედრად რუსთავის ციხის შესასვლელთან მისვლას გეგმავდნენ, თუმცა მათ მოულოდნელად გაიგეს, რომ პოლიტიკოსს საპატიმრო უფრო ადრე, დაახლოებით 08:00 საათზე, დაატოვებინეს.
უწყების ცნობით, „კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის წინასწარ ინფორმირებას ან/და მასთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ“.
„გაურკვეველია რას ეფუძნებოდა მსჯავრდებულის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მას პენიტენციური დაწესებულება უნდა დაეტოვებინა 10:30 საათზე. ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პენიტენციური სამსახურის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
პენიტენციური სამსახურის განცხადების თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდადებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს.
„პენიტენციურ დაწესებულებაში, დაწესებულების დღის განრიგის შესაბამისად, მუშაობა იწყება 08:00 საათზე. მსჯავრდებული ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების მოგვარებას დასჭირდა მცირე დრო და ის გათავისუფლდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნების სრული დაცვით დაახლოებით 08:30 საათზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზურა ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ იკითხა, რომელ საათზე უშვებდნენ და უპასუხეს, რომ 10:30-სთვის მზად უნდა ყოფილიყო.
"მაგრამ ისე მოხდა, რომ დილით 08:00 საათზე გამომდგეს. არაფერი არ აუხსნიათ, უბრალოდ მითხრეს, რომ უნდა ჩამელაგებინა ყველაფერი და გავსულიყავი. ჩასალაგებელი არაფერი მქონდა და მაისურით ვიყავი. გუშინ უნდა შემოეგზავნათ ქურთუკი, მაგრამ არ შემოუშვეს, იმიტომ რომ ძალიან სქელი არისო და სტანდარტებში არ ჯდებოდა. მაისურით გამომიშვეს 08:00 საათზე“, - ამბობს პოლიტიკოსი.
ის ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაჩერებულ ტაქსისთან მივიდა და მძღოლს ტელეფონი სთხოვა, დაურეკა ცოლს, ნატა ქორიძე და უთხრა, „უკვე გარეთ ვარო".
ამის შემდეგ რუსთაველმა მეგობარმა მიაკითხა.
„გარეთ არავინ იყო, სრული სიცარიელე იყო, დაახლოებით ერთი საათი, შეიძლება 40 წუთი, ვერ მოვახერხე ვერავისთან დაკავშირება, რომ გარეთ ვარ-მეთქი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
პენიტენციური სამსახური განცხადებაში წერს, რომ გათავისუფლებულ მსჯავრდადებულს უბრუნდება პირადი ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა.
„მსჯავრდებულმა ზურაბ ჯაფარიძემაც დაწესებულების დატოვებისას თან წაიღო საკუთარი ტანსაცმელი“, - აცხადებენ უწყებაში, სადაც მიაჩნიათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და სამსახურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა ივნისში მიუსაჯა სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. ეს კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს სწავლობდა.
ამავე ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს არაერთ სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსსაც.
ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, 2025 წლის ნოემბერში შესთავაზეს კანონით გათვალისწინებული პროცედურა - ვადაზე ადრე გათავისუფლება - რაზეც მან უარი თქვა.
ნოემბერში პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ შვიდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა. ზურაბ ჯაფარიძეს ბრალად დასდეს საბოტაჟი და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
ფორუმი