Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

13:10 12.1.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ხელმძღვანელობამ ვაშინგტონს მოლაპარაკება შესთავაზა, თეირანის მიერ მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტების სასტიკი ჩახშობის საპასუხოდ სამხედრო მოქმედებების შესახებ მისი მუქარის ფონზე.

"ირანის ლიდერებმა დარეკეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე 11 იანვარს. მან დაამატა, რომ „იგეგმება შეხვედრა ... მათ მოლაპარაკება სურთ“.

თუმცა „შესაძლოა შეხვედრამდე მოქმედება მოგვიწიოს“, - თქვა ტრამპმა ისე, რომ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

13:09 12.1.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს დაელაპარაკოს ილონ მასკს ირანში ინტერნეტის აღდგენის საკითხზე. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს კვირას უპასუხა შესაბამის კითხვაზე.

„ის ამ საქმეში ძალიან კარგია, მას ძალიან კარგი კომპანია ჰყავს“, - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს კითხვაზე, ითანამშრომლებდა თუ არა მილიარდერი ბიზნესმენის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან, ირანში Starlink-ის სახელწოდების სატელიტური ინტერნეტსერვისის შეთავაზებაზე.

მასკს და მის კომპანიას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ტრამპსა და ილონ მასკს შორის ურთიერთობები ცვალებადია.

13:09 12.1.2026

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში "შეძრულია" ირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით.

როგორც გაეროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მის განცხადებაშია ნათქვამი, ყველა ირანელს უნდა შეეძლოს მშვიდობიანად და შიშის გარეშე გამოხატოს უკმაყოფილება. გუტერეში ირანის ხელისუფლებას გადაჭრით მოუწოდებს, შეწყვიტოს ძალის "გაუმართლებელი" და "შეუსაბამო" გამოყენება.


01:47 12.1.2026

გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გააცნეს რეაგირების ვარიანტები დემონსტრანტთა საწინააღმდეგო ძალადობაზე ირანში - იმ ფონზე, როცა ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები მე-15-ე დღეა გრძელდება, იზრდება მთავრობის მხრიდან ზეწოლის სისასტიკე და მსხვერპლის რაოდენობა.

ბოლო კვირაში ტრამპმა გააძლიერა ზეწოლა ირანის მმართველების მიმართ, და ახლა აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს ირანში დემონსტრანტთა მხარდასაჭერ რამდენიმე ვარიანტს - წერენ გამოცემები Axios-ი და The New York Times-ი, ანონიმურად დატოვებულ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG