Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.

გრძელდება ისრაელის ძლიერი იერიშები ლიბანზე - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

14:35 19.1.2026

პროტესტი და უკმაყოფილება დავოსის სამიტზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევის გამო

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის დაწყების წინ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩის მიწვევას პოლიტიკოსთა და უფლებადამცველთა კრიტიკის ტალღა მოჰყვა.

19 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, ყოფილი ტახტის მემკვიდრისა და ოპოზიციის ლიდერის, რეზა ფეჰლევის პრესსამსახურმა არაყჩის უწოდა „იმ რეჟიმის ხმა, რომელმაც ბოლო ორ კვირაში 16 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა“. ფეჰლევის ოფისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „არ წარმოადგენს ირანს“ და მას დავოსში პლატფორმა არ უნდა დაეთმოს. ოფისმა ასევე მოუწოდა „ყველა ღირსეულ ადამიანს“, დაგმოს არაყჩის დასწრება შეხვედრაზე.

რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში მკაცრად გააკრიტიკა არაყჩის მიწვევა დავოსის შეხვედრაზე. გრემმა ეს ფაქტი შეადარა „ჰიტლერის მიწვევას მსოფლიო ღონისძიებაზე "ბროლის ღამის" შემდეგ“. ფორუმის ორგანიზატორებისადმი მიმართვისას მან აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი ირანელი დემონსტრანტებისთვის „ყველაზე ცუდი გზავნილია“ და „ევროპული ელიტის მორალური დეგრადაციის“ აშკარა ნიშანია.

ჰილელ ნოიერმა, საერთაშორისო უფლებადამცველმა იურისტმა და UN Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე გააფრთხილა ორგანიზატორები, რომ თუ არაყჩი შვეიცარიაში ჩავა, ქვეყნის პროკურატურაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საჩივარი შევა. ნოიერის განცხადებით, არაყჩის როლი ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ეროვნულ უშიშროების საბჭოში დემონსტრანტების დარბევისას, შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უტოლდებოდეს და სცილდება საერთაშორისო იმუნიტეტის ფარგლებს.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 19-დან 23 იანვრამდე გრძელდება. ჯერჯერობით ფორუმის ოფიციალურ პირებს არაყჩის მიწვევასთან დაკავშირებულ პროტესტზე პასუხი არ გაუციათ. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ მანამდე გააუქმა ირანელი მაღალჩინოსნების მიწვევა პროტესტის სისხლიანი დარბევის გამო.

18 იანვრის მონაცემებით, აშშ-ში განთავსებულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა HRANA-მ დაადასტურა 3 685 მომიტინგის მკვლელობა, ხოლო დამატებით 8 949 დაღუპვის შემთხვევა ჯერ კიდევ გადამოწმების პროცესშია. დაკავებულია 24 000-ზე მეტი ადამიანი.

13:24 19.1.2026

ირანის სატელეკომუნიკაციო კომპანიის ხელმძღვანელი ინტერნეტის გათიშვის ბრძანების შეუსრულებლობის გამო გადააყენეს

საინფორმაციო სააგენტო Fars-ი იტყობინება, რომ ირანის ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის, Irancell-ის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს „წესების დაუცველობის“ გამო. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა მასობრივი პროტესტების ფონზე მთავრობის განკარგულებას, რომ ქვეყნის მასშტაბით გათიშულიყო ინტერნეტი.

ანგარიშის მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის, ალირეზა რაფიის გათავისუფლება მოჰყვა „ოპერატორის ქმედებებს შაბათს, 10 იანვარს, დილის საათებში გამართული პროტესტის დროს“.

Irancell-ი 2005 წელს დაარსდა და მას 70 მილიონი აბონენტი ჰყავს.

სააგენტო Fars-ი ციტირებს ოფიციალურ პირებს, რომელთა განცხადებით: „Irancell-ი არ დაემორჩილა გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტების ბრძანებებს კრიზისულ სიტუაციებში ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის შესახებ გამოცხადებულ პოლიტიკას“.

Fars-ი, რომელიც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაახლოებული მედიასაშუალებაა, ასევე ციტირებს ერთ-ერთ ოფიციალურ პირს: „ალირეზა რაფიისთან დაკავშირებული ახალი დანიშვნის საკითხიც სამართლებრივად იქნება განხილული“.

13:21 19.1.2026

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავდასხმა ხამენეიზე „ომს“ ნიშნავს

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა, რომელიც მანამდე ბევრის მიერ ირანის მმართველებს შორის შედარებით ზომიერ ფიგურად მიიჩნეოდა, 18 იანვარს განაცხადა, რომ ქვეყნის უმაღლეს ლიდერზე, აიათოლა ალი ხამენეიზე თავდასხმა გამოიწვევს „საყოველთაო ომს“.

„ჩვენი ქვეყნის დიდ ლიდერზე თავდასხმა ირანელ ერთან სრულმასშტაბიანი ომის ტოლფასია“, - განაცხადა ფეზეშქიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

17 იანვარს წარმოთქმულ სიტყვაში ხამენეიმ შეაქო ფეზეშქიანის როლი ბოლოდროინდელი დემონსტრაციების ჩახშობაში, ამავდროულად კი აღიარა, რომ პროტესტების დროს „რამდენიმე ათასი“ ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დასავლელ ლიდერებს შორის წამყვანი პოზიცია დაიკავა ირანის რეჟიმის გამოსააშკარავებლად ანტისამთავრობო დემონსტრანტთა სასტიკი დარბევის გამო.

17 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტრამპმა გამოცემა Politico-ს განუცხადა, რომ ხამენეი დამნაშავეა „ქვეყნის სრულ განადგურებასა და ძალადობის ისეთი დონის გამოყენებაში, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს“. მან ასევე აღნიშნა, რომ დადგა დრო ირანისთვის „ახალი ხელმძღვანელობის“ ძებნა დაიწყოს.

18:18 18.1.2026

მხარდაჭერა უცხოეთიდან

პროტესტის მონაწილეებს ფართო მხარდაჭერა ჰქონდათ აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქალაქში, ასევე სხვაგან გამართულ აქციებზე.

ირანელმა რეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ 17 იანვარს ბერლინში ევროპული კინოს პრემიით დაჯილდოების ცერემონიაზე მოუწოდა მსოფლიოს, „რეაგირება მოახდინოს“ ირანის მთავრობის მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე.

ირანელი რეჟისორი ჯაფარ ფანაჰი და მისი ქალიშვილი სოლმაზ ფანაჰი ევროპული კინოს პრემიით დაჯილდოების ცერემონიაზე ბერლინში, 17 იანვარს
ირანელი რეჟისორი ჯაფარ ფანაჰი და მისი ქალიშვილი სოლმაზ ფანაჰი ევროპული კინოს პრემიით დაჯილდოების ცერემონიაზე ბერლინში, 17 იანვარს

„თუ მსოფლიო დღეს ამ აშკარა ძალადობაზე რეაგირებას არ მოახდენს, არა მხოლოდ ირანი, არამედ მთელი მსოფლიო საფრთხის ქვეშაა“, - თქვა მან გახსნის ცერემონიაზე

„ძალადობა, როდესაც უპასუხოდ რჩება, ნორმად იქცევა. ხოლო როდესაც ნორმად იქცევა, ვრცელდება. ის გადამდები ხდება“.

ფანაჰიმ, რომელიც ადრე ირანში პატიმრობას ელოდა, პირობა დადო, რომ დაბრუნდება ქვეყანაში, რათა გააგრძელოს ქვეყანაში თავისუფლებისკენ მოწოდებები.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG