Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.

გრძელდება ისრაელის ძლიერი იერიშები ლიბანზე - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

20:56 19.1.2026

„სირცხვილის ლაქა“: ირანელი მამაკაცი აცხადებს, რომ პროტესტების დროს მისი ოჯახის 3 წევრი მოკლეს

ავტორი: FE/RL's Radio Farda

ბიჟან მოსთაფავი (მარცხნივ), მისი მეუღლე, ზაჰრა ბანი ამერიანი (ცენტრში) და ვაჟი, დანიელ მოსთაფავი 8 იანვარს ქარაჯში მოკლეს.
ბიჟან მოსთაფავი (მარცხნივ), მისი მეუღლე, ზაჰრა ბანი ამერიანი (ცენტრში) და ვაჟი, დანიელ მოსთაფავი 8 იანვარს ქარაჯში მოკლეს.

მიქაელ ასკარი, საზღვარგარეთ მცხოვრები ირანელი, რადიო თავისუფლების „რადიო ფარდას“ ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაიღუპა მისი ოჯახის სამი წევრი 9 იანვრის საღამოს მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა მათ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ქარაჯის გოჰარდაშთის რაიონში, ჩრდილო-ცენტრალურ ირანში.

ასკარი ამბობს, რომ მისი ბიძაშვილი, ზაჰრა ბანი-ამერიანი, მის მეუღლესთან, ბიჟან მოსთაფავისთან და მათ შვილთან, დანიელ მოსთაფავისთან ერთად, მაშინ ჩაცხრილეს, როდესაც ისინი საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდნენ. სამხედრო ძალებმა მათ მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. დაიჭრა დავუდ მოსთაფავი, საჭესთან მჯდომი მეორე შვილი.

ასკარი ამბობს, რომ „ბოლომდე ნათელი არ არის“, როგორ მოხდა ინციდენტი. „მძღოლის [დავუდის] მხარეს ფანჯარა ღია იყო. მან ან ლოზუნგები დაიყვირა, ან სიგნალი მისცა, რის შემდეგაც მას საფანტი ესროლეს. ის პანიკაში ჩავარდა და იქიდან გაცლას შეეცადა. მათ კი ავტომობილს უკნიდან საბრძოლო მასალით გაუხსნეს ცეცხლი“, - რასაც მანქანაში მყოფი სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასკარის თქმით, ამის შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა დაჭრილი დავუდი სცემეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოგვიანებით ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ასკარმა დასძინა, რომ მისი ბიძაშვილის ქმარი „ომის ვეტერანი“ იყო და „მწარე ირონიაა“, რომ მან სიცოცხლე ასე დაასრულა. „ბიჟანი ფრონტის ხაზზე სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ იბრძოდა. [უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი] ხამენეიმ კი თეირანისა და ქარაჯის ქუჩებში ჯარისკაცები ხალხის დასახოცად გამოიყვანა,“ - განაცხადა მან. - „ეს დანაშაული სირცხვილის ლაქაა, რომელიც ისლამურ რესპუბლიკას სამუდამოდ დარჩება“.

ასკარის თქმით, ოჯახის წევრები ქერმანშაჰის პროვინციაში, უსაფრთხოების ძალების თანდასწრებით დაკრძალეს, ირანში მყოფი მათი ნათესავები კი ხელისუფლების მხრიდან მეთვალყურეობისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

19:13 19.1.2026

„რადიო ფარდა“: ირანის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ინტერნეტი მიმდინარე კვირაში აღდგება

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის საკითხებში ირანის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერნეტ-სერვისები ნორმალურ რეჟიმს კვირის ბოლომდე დაუბრუნდება.

რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის, „რადიო ფარდის“ ცნობით, ჰოსეინ აფშინმა თქვა, რომ „ქვეყნის ინტერნეტ-ქსელი ამ კვირაში თანდათან დაუბრუნდება ნორმალურ ფუნქციონირებას“ და „არსებული შეზღუდვები მალე მოიხსნება“.

ირანში ინტერნეტის ბლოკადა უკვე მე-12 დღეა გრძელდება. ვებგვერდი NetBlocks-ი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტის ხელმისაწვდომობას აკვირდება, აცხადებს, რომ ქვეყნის „შიდა კავშირი კვლავ მინიმალურია“, თუმცა ხელისუფლება, როგორც ჩანს, „პერიოდულად უშვებს შეტყობინებებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ რეჟიმი უფრო მკაცრად გაფილტრულ შიდა ქსელს (ინტრანეტს) ტესტავს“.

17:18 19.1.2026

რა ელის ირანის რეჟიმს? ინტერვიუ ალექს ვატანკასთან

„რეჟიმის არსებობის 47 წლის თავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც არ უნდა მძლავრი ყოფილიყო იდეოლოგია ერთ დროს, განსაკუთრებით 80-იან წლებში, დღეს ის ფაქტობრივად გამქრალია.“

„რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა იქ აღარ არის იდეების გამო. ისინი იქ არიან იმიტომ, რომ იქ იღებენ ხელფასს. იმიტომ, რომ ალტერნატივა არ აქვთ”, - ეუბნება ალექს ვატანკა, ირანის საკითხების ექსპერტი, ვაშინგტონის Middle East Institute-ის ირანის პროგრამის დამფუძნებელი დირექტორი და უფროსი მკვლევარი რადიო თავისუფლებას. თეირანში დაბადებული და დანიაში გაზრდილი ვატანკა წლებია ირანის შიდა პოლიტიკას, ძალაუფლების დინამიკას და ირანის რეგიონულ სტრატეგიას იკვლევს.

ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ის განიხილავს, თუ რატომ გახდა ბოლო პროტესტი უფრო სახიფათო ირანის რეჟიმისთვის, ვიდრე ყველა წინა ტალღა ერთად? რამდენ ხანს შეუძლია ძალადობაზე დამყარებულ სისტემას გაძლება, რა მოხდება ხამენეის შემდეგ და რა როლს ითამაშებენ კრიზისის დაძლევაში აშშ, ისრაელი, რუსეთი და ჩინეთი?

15:16 19.1.2026

დავოსის ფორუმის განცხადებით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრება

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი ამ კვირაში დავოსში (შვეიცარია) დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრას არ დაესწრება. ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც წლევანდელ ღონისძიებაში მის შესაძლო მონაწილეობას კრიტიკის ტალღა მოჰყვა.

ფორუმის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ ის ამ შეხვედრაზე გასულ შემოდგომას მიიწვიეს, ბოლო კვირებში ირანში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის ტრაგიკული მასშტაბები ნიშნავს იმას, რომ წელს დავოსში ირანის მთავრობის წარმომადგენლობა მართებული არ არის“.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა 19-დან 23 იანვრამდე გაგრძელდება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG