Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.

გრძელდება ისრაელის ძლიერი იერიშები ლიბანზე - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

13:52 25.1.2026

ირანის საპროტესტო აქციების დროს შესაძლოა 30 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - ჟურნალი Time


ვიდეოკადრებში, რომლებიც 14 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალებიდანაა აღებული, ჩანს თეირანის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მიწაზე დასვენებული ათეულობით ცხედარი, რომელთა შორისაც დამწუხრებული ახლობლები საკუთარ ოჯახის წევრებს ეძებენ.
ვიდეოკადრებში, რომლებიც 14 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალებიდანაა აღებული, ჩანს თეირანის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მიწაზე დასვენებული ათეულობით ცხედარი, რომელთა შორისაც დამწუხრებული ახლობლები საკუთარ ოჯახის წევრებს ეძებენ.

ირანის საპროტესტო აქციების მსხვერპლთა რაოდენობამ შესაძლოა 30 000-ს გადააჭარბოს - განუცხადა ჟურნალ Time-ს ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ორმა მაღალჩინოსანმა.

25 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სიკვდილიანობის უდიდესი წილი 8-9 იანვარზე მოდის, როდესაც საყოველთაო პროტესტის ძალისმიერმა ჩახშობამ პიკს მიაღწია. მკაცრი ცენზურისა და ინტერნეტის ხანგრძლივი გათიშვის გამო, ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.

ეს მაჩვენებელი მკვეთრად ეწინააღმდეგება ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს (3 117 დაღუპული), თუმცა უფრო მეტად შეესაბამება საერთაშორისო შეფასებებს.

გაერო გაცილებით მაღალ მსხვერპლზე მიუთითებს. მაი სატომ, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ირანში ადამიანის უფლებების საკითხებში, 22 იანვარს განაცხადა, რომ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ შესაძლოა, 20 000-ს გადააჭარბოს. Amnesty International-მა მომხდარი „უპრეცედენტო მასშტაბის“ მკვლელობებად შეაფასა და აღნიშნა, რომ გამოყენებული იყო საბრძოლო მასალა, რკინის საფანტი და იზღუდებოდა სამედიცინო დახმარებაზე წვდომა.

Time-ის ცნობით, იმ ორ დღეს, როდესაც ოპოზიციონერებმა, მათ შორის, ყოფილმა პრინცმა რეზა ფაჰლავიმ, ხალხს პროტესტისკენ მოუწოდეს, მსხვერპლის მასშტაბმა სახელმწიფო რესურსები გადაწონა - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხედრებისთვის განკუთვნილი ტომრები გამოილია, სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ აუდიოდა მოკლულთა გადაყვანას, რის გამოც ხელისუფლებამ 18-ბორბლიანი სატვირთო ავტომანქანების გამოყენება დაიწყო.

ეს შეფასებები ემთხვევა საავადმყოფოების მონაცემებს, რომლებიც გერმანელ-ირანელმა ოფთალმოლოგმა, დოქტორ ამირ პარასტამ შეისწავლა. მისი თქმით, ექიმებისა და პირველადი დახმარების ჯგუფების მიერ შეგროვებული მონაცემები 23 იანვრის მდგომარეობით სულ მცირე 30 304 დაღუპულს აჩვენებს. მანვე აღნიშნა, რომ ეს ციფრი ჯერ კიდევ არასრულია.

12:38 25.1.2026

23 წლის თეირანელი სტუდენტი ზაჰრა ბაჰლოლიპური 8 იანვარს ირანის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს უსაფრთხოების ძალებმა სასიკვდილოდ დაჭრეს.

მისი უნივერსიტეტის ჯგუფელები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ პოსტებს საყვარელი მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად, რომელსაც „რაჰას“ სახელით იცნობდნენ.

ბაჰლოლიპური იმ 5 000-ზე მეტ მსხვერპლს შორისაა, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო მოძრაობის ძალისმიერი ჩახშობისას დაიღუპნენ, თუმცა ძალადობის სრული მასშტაბები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ცნობილი.

12:33 25.1.2026

მასწავლებელთა საბჭო რეპრესიების დროს მოკლული ათეულობით მოსწავლის სიას აქვეყნებს - RFE/RL-ის "რადიო ფარდას" მასალების მიხედვით

„მასწავლებელთა პროფესიული კავშირების კოორდინაციულმა საბჭომ“, რომელიც აერთიანებს ირანის დამოუკიდებელ მასწავლებელთა ჯგუფებს, სულ მცირე 29 სკოლის მოსწავლის ვინაობა გამოაქვეყნა. საბჭოს განცხადებით, ეს მოსწავლეები ბოლო საპროტესტო აქციების ძალისმიერი ჩახშობისას დაიღუპნენ.

საბჭომ აღნიშნა, რომ ამ ბავშვების სახელები და ფოტოები 24 იანვარს, სანდო ქსელებისა და წყაროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა და სია ეტაპობრივად განახლდება.

მანამდე, ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგიერთმა წყარომ, მათ შორის აშშ-ში განთავსებულმა ჯგუფმა HRANA-მ, განაცხადა, რომ მოახერხეს 5 000-ზე მეტი ადამიანის - მათ შორის, სულ მცირე 54 ბავშვის (18 წლამდე ასაკის) - დაღუპვის დადასტურება, ხოლო კიდევ თითქმის 13 000 ადამიანის სიკვდილის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

22:02 24.1.2026

ციფრული უფლებების დამცველი და ინტერნეტკავშირის მონიტორინგის ორგანიზაცია Netblocks-ი აცხადებს, რომ ირანში ინტერნეტის ბლოკადა გრძელდება, მიუხედავად „ხანმოკლე, მომენტალური აღდგენისა“.

უფრო ადრე, 24 იანვარს, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ინტერნეტი ამაღამ „სრულად აღდგებოდა“.

24 იანვრის მონაცემებით, ირანის თითქმის სრული, საყოველთაო ციფრული ბლოკადა, რომელიც 8 იანვრიდან მოყოლებული გრძელდება, უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია. ამჟამინდელი მონაცემებით, მასზე მეტხანს მხოლოდ სუდანის სრული გათიშვა გაგრძელდა (დაახლოებით 25 დღე), რომელიც 2021 წლის ოქტომბრის გადატრიალებას მოჰყვა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG