იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ანტონიო ტაიანი აცხადებს, რომ ირანის სამოქალაქო მოსახლეობის დანაკარგები საპროტესტო აქციების დარბევისას „მკაფიო პასუხს მოითხოვს“.
შესაბამისად, სხვა მხარეებთან კოორდინაციით, 29 იანვარს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, იგი აპირებს წარადგინოს ინიციატივა „რევოლუციური გვარდიის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანისა და იმ პირთა წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ შემზარავ ქმედებებზე“.
ირანელი სპორტის მოღვაწეები ფიფას მოქმედებისკენ მოუწოდებენ
ავტორი: რადიო თავისუფლების „რადიო ფარდა“
ირანის სპორტული საზოგადოების წევრებმა ფიფასა და ფეხბურთის საერთაშორისო ორგანოებისადმი მიმართვა გამოაქვეყნეს. ისინი მოუწოდებენ ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ ირანში მიმდინარე საყოველთაო პროტესტის სისხლიან ჩახშობაზე და სთხოვენ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს, ირანის ფეხბურთის ფედერაციას წევრობა შეუჩეროს.
წერილს, რომელიც 26 იანვარს სოციალურ მედიაშიც გამოქვეყნდა, ხელს აწერენ საზღვარგარეთ მცხოვრები რიგი მოქმედი და ყოფილი მოთამაშეები, მწვრთნელები, მსაჯები და სპორტული ჟურნალისტები.
დოკუმენტში გამოხატულია ღრმა შეშფოთება იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც შეფასებულია, როგორც „ფართომასშტაბიანი და უპრეცედენტო დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“ ირანში ბოლო დროს მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს.
ხელმომწერები აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორისაა ირანის საფეხბურთო საზოგადოების რამდენიმე წევრი - დადასტურებულ მსხვერპლთა სიაშია ყოფილი და ამჟამინდელი მოთამაშეები, მწვრთნელები და მსაჯები. მათი თქმით, ყველა მათგანი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალისმიერი დარბევის დროს დაიღუპა.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ირანის უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბ „სეპაჰანის“ 19 წლის მოთამაშეს, ამირჰოსეინ ყადერზადეს, პროტესტში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასჯის უშუალო საფრთხე ემუქრება.
დოკუმენტი წერია, რომ საფეხბურთო სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი ირანში შესვლისას დააკავეს, დაკითხეს და პირადი შეხედულებების გამოხატვის გამო სამგზავრო დოკუმენტები ჩამოართვეს, რასაც ხელმომწერები ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევად აფასებენ.
FIFA-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებზე დაყრდნობით, ხელმომწერები მოუწოდებენ ორგანიზაციას, დაგმოს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა და აღიაროს ირანის ფეხბურთის ფედერაციის თანამონაწილეობა ამ პროცესებში.
ისინი ასევე მოუწოდებენ ორგანიზაციას, შეუჩეროს ფედერაციას FIFA-ს შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მანამ, სანამ ის არ წარადგენს გადამოწმებად გარანტიებს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
ირანის ფეხბურთის ფედერაციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ნაკრებმა მარტში ტურნირის საგზური მოიპოვა.
მასწავლებელთა საბჭო რეპრესიების დროს დაღუპული ათეულობით სტუდენტისა და მოსწავლის ვინაობას ასახელებს - RFE/RL-ის "რადიო ფარდას" მასალების მიხედვით
„მასწავლებელთა პროფესიული კავშირების კოორდინაციულმა საბჭომ“ 40-ზე მეტი ადამიანის სახელი გამოაქვეყნა იმ სტუდენტებისა და მოსწავლეების სიაში, რომლებიც, ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო საპროტესტო აქციების ძალისმიერი ჩახშობისას დაიღუპნენ.
საბჭო, რომელიც აერთიანებს ირანის დამოუკიდებელ მასწავლებელთა ჯგუფებს, აცხადებს, რომ ეს სია ეფუძნება სანდო ქსელებისა და საიმედო წყაროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და იგი ეტაპობრივად განახლდება.
საბჭომ „ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა გამოუთქვა დაზარალებულ ოჯახებს“ და ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ორგანიზაციამ ასევე მოითხოვა ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იანვრის დემონსტრაციების დროს დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება.
ციფრული უფლებების დამცველი ორგანიზაცია და ინტერნეტ-კავშირის მონიტორინგის ჯგუფი NetBlocks-ი აცხადებს, რომ ირანში ინტერნეტის გათიშვის ხანგრძლივობამ უკვე 400 საათს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ „კავშირის ხანმოკლე აღდგენის შემთხვევები“ ინტერნეტის ფართო მასშტაბით აღდგენის მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის, ონლაინკომუნიკაციის დამყარება მხოლოდ ნაწილობრივ, შეზღუდვების გვერდის ავლის მეთოდების (მაგალითად, VPN-ის) გამოყენებით ხერხდება.
ფორუმი