აშშ-ის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით, ახალი სანქციები დააწესა, რომელთა სამიზნე ირანის შვიდი მოქალაქე და, სულ მცირე, ერთი იურიდიული პირია - ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე.
ევროკავშირმა ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ.
მანამდე ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციები მთავრობის, სასამართლო სისტემის, პოლიციისა და IRGC-ის წევრების, ასევე იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ინტერნეტის ცენზურაზე.
„მწვანე მოძრაობის“ ლიდერი მუსავი მთავრობას შეცვლისკენ მოუწოდებს
29 იანვარს „მწვანე მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მირ ჰოსეინ მუსავიმ წლევანდელ სისხლიან დარბევას „ღალატი და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი უდიდესი დანაშაული“ უწოდა.
მან ასევე მოითხოვა კონსტიტუციური რეფერენდუმის ჩატარება და ირანში მთავრობის შეცვლა ყოველგვარი უცხოური ჩარევის გარეშე.
მუსავი 2011 წლიდან შინაპატიმრობაში იმყოფება 2009 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ „მწვანე მოძრაობის“ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.
„საკმარისია, რაც იყო,“ - წერს ის თავის განცხადებაში. - „თამაში დასრულებულია... თქვენ არ გაქვთ გამოსავალი ქვეყნის არცერთი კრიზისიდან და არც ერს აქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ კვლავ გააპროტესტოს, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული“.
მუსავიმ, რომელიც 1981 წლიდან 1989 წლამდე პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, განაცხადა, რომ „ადრე თუ გვიან, და სავარაუდოდ, უფრო ადრე,“ სამხედროები და სამართალდამცავები აღარ ისურვებენ მომიტინგეების დარბევას და დაამატა: „დაყარეთ იარაღი და გადადექით ხელისუფლებიდან, რათა თავად ერმა შეძლოს ამ ქვეყნის მიყვანა თავისუფლებამდე და კეთილდღეობამდე“.
რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ევაკუაციისთვის
რუსეთის სახელმწიფო ატომური სააგენტო „როსატომის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსეი ლიხაჩოვმა 29 იანვარს განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთი მზად არის განახორციელოს თავისი თანამშრომლების ევაკუაცია სამხრეთ ირანში მდებარე ბუშერის ატომური ელექტროსადგურიდან.
„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კონფლიქტის მხარეები დაიცავენ თავიანთ ვალდებულებებს ამ ტერიტორიის (ბუშერის) ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით“, - ციტირებს ლიხაჩოვის სიტყვებს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი.
„თუმცა, როგორც იტყვიან, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობით, მზად ვიქნებით საჭიროების შემთხვევაში გავატაროთ საევაკუაციო ზომები“.
2025 წლის ივნისის ირან-ისრაელის 12-დღიანი ომის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ობიექტზე ასობით რუსეთის მოქალაქე მუშაობდა. ეს ირანის ერთადერთი მოქმედი ატომური ელექტროსადგურია, რომელიც მოსკოვის მიერ არის აშენებული.
მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ივნისში აშშ-მა ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტი ამოიღო მიზანში, ბუშერზე იერიში არ მიუტანია. მაშინ ლიხაჩოვმა გააფრთხილა მხარეები, რომ ამ ობიექტზე თავდასხმას შესაძლოა მოჰყოლოდა 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის მსგავსი მასშტაბის უბედურება.
ფორუმი